თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. დღეს 9 აპრილია — ერთი დღე ორი დიდი ისტორიული კონტექსტით: 9 აპრილს პატივს მივაგებთ სამშობლოსათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და, ამავე დროს, ვზეიმობთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას.
9 აპრილი საქართველოს ისტორიაში დარჩება, როგორც სიმამაცის, თავისუფლების, ქართული სულის გამოღვიძებისა და თავგანწირვის სიმბოლო.
დღეს 37 წელი გავიდა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღიდან. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი, საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, ყველაზე უმცროსი კი 15 წლის გოგონა, ეკა ბეჟანიშვილი იყო.
1991 წლის 9 აპრილს კი, 2 წლის წინ საბჭოთა არმიის მიერ მოკლულთა პატივსაცემად, საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
ამ ისტორიულ თარიღებთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა. მისი თქმით, დამოუკიდებლობა, თავისუფლება, სუვერენობა არ არის უბრალოდ სიტყვები. ეს არის ქართველი ხალხის იდენტობა, მისი ბრძოლის შედეგი, „ჩვენი აღმართული დროშა, რომელსაც ვერავინ დაგვახრევინებს“.
„ჩვენ გვაქვს ორი 9 აპრილი, 1989 წლის 9 აპრილის ღამე და 1991 წლის 9 აპრილის დღე. ეს ორი თარიღი განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაგრამ განუყოფლადაა ერთმანეთთან გადაჯაჭვული. 9 აპრილის ხსენებისას, უპირველესად, ვიხსენებთ 1989 წელს. ვინც იმ წელს მოესწრო, ახსოვს, რა მასშტაბის ტრაგედია დატრიალდა, როგორ დაითრგუნა გარემო და როგორ იფეთქა საერთო ტკივილმა და ბრაზმა. თუმცა, ტრაგედიას, ძალიან მალე, სულ ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს, პარლამენტის დღევანდელ სასახლეში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა მოჰყვა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, იმ დროიდან საქართველომ რთული გზა გაიარა.
„უკვე 35 წელია, რაც დამოუკიდებელი სახელმწიფოს მძიმე, ეკლიან და გამოცდებით სავსე გზას მივუყვებით. ამ გზაზე არაერთი შეცდომა დავუშვით, მძიმე საფასური გადავიხადეთ, არაერთხელ დავმარცხდით და წავიქეცით. მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, ყოველ ჯერზე წამოვდექით. არასოდეს შევეგუეთ მარცხს, ვისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე, შევიგრძენით დამოუკიდებლობის სიმძიმეც და სიტკბოც, მისი ფასიც და მისი ღირსებაც“, - დაწერა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ის აწ გარდაცვლილი კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის როლს შეეხო იმ ისტორიულ მოვლენებში.
„ათწლეულებს გადმოწვდა იმ ტრაგიკულ ღამეს უწმინდესი პატრიარქის გაფრთხილება, რომ “საშიშროება რეალურია”, და ეს სიტყვები დღემდე ექოდ გვესმის. განა დღეს ნაკლები საშიშროებები გვემუქრება?! ისინი არსად გამქრალან. საფრთხეები იცვლიან ფორმას, მაგრამ არ ქრებიან. ამავე დროს, დღემდე ისმის და ქუხს სხვა სიტყვებიც, რომ "აღსრულდა ნება ქართველი ერისა", - აღნიშნა მან.
საქართველოში 9 აპრილი უქმე დღეა. დამკვიდრებული ტრადიციისამებრ, ამ დღეს თბილისელები, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის კიბეებთან ტიტებით მიაქვთ. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ყველა ტაძარში პანაშვიდი აღევლინება. ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები თბილისში, პარლამენტის შენობასთან 9 აპრილის მსხვერპლთა მემორიალს გვირგვინებით შეამკობენ.
37 წლის წინ დაღუპული გმირები არიან: აზა ადამია – 22 წლის; ნათია ბაშალეიშვილი – 16 წლის; ეკა ბეჟანიშვილი – 15 წლის; ნატო გიორგაძე – 23 წლის; თამუნა დოლიძე – 28 წლის; თინა ენუქიძე – 70 წლის; ნინო თოიძე – 22 წლის; ზაირა კიკვიძე – 61 წლის; მანანა ლოლაძე – 34 წლის; თამარ მამულაშვილი – 50 წლის; ვენერა მეტრეველი – 45 წლის; მამუკა ნოზაძე – 21 წლის; ნანა სამარგულიანი – 41 წლის; შალვა ქვასროლიაშვილი – 35 წლის; მარინა ჭყონია-სამარგულიანი – 31 წლის; ელისო ჭიპაშვილი – 25 წლის; თამარ ჭოველიძე – 16 წლის; ნოდარ ჯანგირაშვილი – 40 წლის; მზია ჯინჭარაძე – 43 წლის; მანანა მელქაძე – 26 წლის და გია ქარსელაძე – 25 წლის.