თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლები გამოდიან ინიციატივით, ანაკლიის პორტს ეწოდოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სახელი და გახდეს ახალი საერთაშორისო სატრანზიტო დერეფნის, ე.წ. „ტრამპის მარშრუტის“ ნაწილი, შესაბამისი განცხადება პარტიის გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე გააკეთა.
ანაკლიის ღრმაწყლიანი პორტის მშენებლობა 2024 წლის სექტემბერში დაიწყო. პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას ახორციელებს უმსხვილესი ბელგიური კომპანია Jan De Nul, რომელთანაც სახელმწიფომ ხელშეკრულება გააფორმა. კონტრაქტის თანახმად, საზღვაო სამუშაოები სამ წელიწადში დასრულდება.
„მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს ანაკლიის პორტს პრეზიდენტ ტრამპის სახელი მიანიჭონ და ის დასავლური სამყაროსკენ მიმავალი „ტრამპის გზის“ კარიბჭედ აქციონ, რაც უსაფრთხოებას, დასავლურ ინვესტიციებსა და ეკონომიკურ კეთილდღეობას მოგვიტანს“, - განაცხადა კუპრაძემ.
მისი თქმით, სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმების შემდეგ ამიერკავკასიაში გაჩნდა უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო სატრანზიტო გზა, რომელსაც ეწოდა „ტრამპის გზა”. ამ გზამ ვერ უნდა აუაროს გვერდი საქართველოს, ამის განხორციელება კი შესაძლებელია მხოლოდ ანაკლიის პორტის აშენებით, რაც იქნება „ტრამპის გზის” ლოგიკური გაგრძელება, დასძინა მან.
„ტრამპის მარშრუტი“ (TRIPP – Trump Route for International Peace and Prosperity) წარმოადგენს აშშ-ის შუამავლობით შექმნილ სატრანსპორტო დერეფნის პროექტს აზერბაიჯანსა და ნახიჭევანს შორის, რომელიც სომხეთის სიუნიქის ოლქზე გადის. პროექტი ითვალისწინებს რკინიგზისა და მილსადენების მშენებლობას, ასევე ირანთან დაკავშირებას, ამასთან, აღნიშნული მონაკვეთის მართვა 99 წლით ამერიკულ კომპანიებს გადაეცემათ.
პარტია „ლელოში“ ასევე აღნიშნეს, რომ პროექტის რეალიზაციისთვის სახელმწიფომ უნდა წარადგინოს შემდეგი პოლიტიკური გარანტიები და საჯაროდ, მკაფიოდ დააფიქსიროს იგი:
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი უნდა გამოცხადდეს ნომერ პირველ ეროვნულ პრიორიტეტად;
პროექტში წამყვანი როლი უნდა მიენიჭოს ამერიკულ და ტრანსატლანტიკურ ფინანსურ ინსტიტუტებს;.
ანაკლიის პორტი უნდა გამოცხადდეს ეროვნული მნიშვნელობის სტრატეგიულ ობიექტად;
პროექტში არ უნდა იყოს ისეთი სტრუქტურების დომინაცია, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის და ჩინეთის სახელმწიფო ინტერესებთან;
ანაკლიის პროექტი და ყველა დაკავშირებული ხელშეკრულება, უნდა იყოს საჯარო, რათა, არ დავუშვათ რაც მოხდა არაბული ყალბი ინვესტიციის შემთხვევაში.
როგორც ადრე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის პირველი ფაზა არაუგვიანეს 2029 წლისა დასრულდება. პირველ ფაზაში სულ 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება და მისი დასრულების შემდეგ პორტი წელიწადში 600 ათასზე მეტ კონტეინერს მოემსახურება.
ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი China Communications Construction Company Limited & China Harbour Investment Pte. Ltd. ერთადერთი კომპანია გახდა, რომელიც ანაკლიის პორტის განვითარებაში ინვესტირებით დაინტერესდა. საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მასთან ხელშეკრულებას ხელი არაუგვიანეს 2025 წლის ზაფხულისა მოეწერება, თუმცა მოლაპარაკებები ინვესტორთან დღემდე გრძელდება.
ანაკლიის პორტის (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი) 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება, დანარჩენს კი კერძო ინვესტორი მიიღებს.