თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ 28 წლის მასწავლებლის გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნები დამნაშავედ ცნო.
ახალგაზრდა რეპეტიტორისა და სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტ გიგა ავალიანის გარდაცვალებამ ქართული საზოგადოება შეძრა. თავის არეში მიყენებული მძიმე ტრავმის გამო ავალიანი სამი კვირის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა და 2025 წლის 24 ოქტომბერს გარდაიცვალა. გამოძიების ფარგლებში დაკავებულია ოთხი არასრულწლოვანი, მათ შორის ერთი გოგონა.
მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილის გადაწყვეტილებით, ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს თავისუფლების 14-14 წლით აღკვეთა, დემეტრე ჩიქოვანს კი 9 წლით პატიმრობა შეეფარდა.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მსჯავრდებულებს სასჯელი 1/4-ით შეუმცირდათ, შესაბამისად, გაბაშვილი და რიკაძე პენიტენციურ დაწესებულებაში 10 წელსა 6 თვეს გაატარებენ, დემეტრე ჩიქოვანი კი 6 წელსა და 9 თვეს.
4 მარტს სასამართლომ რიკაძე და გაბაშვილი დამნაშავედ ცნო ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, რამაც სიკვდილი გამოიწვია, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობაში. რაც შეეხება ჩიქოვანს, მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მონაწილეობა ედება ბრალად.
თავდაპირველად, ალექსანდრე გაბაშვილს ბრალი ჯანმრთელობის განსაკუთრებით მძიმე დაზიანებისთვის ჰქონდა წარდგენილი, სხვა არასრულწლოვნებს — მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის.
თუმცა, გარდაცვლილი გიგა ავალიანის დედა, პედაგოგი ეკა კუპატაძე, საქართველოს პროკურატურასთან პერმანენტულ საპროტესტო აქციებს მართავდა. იგი ბრალის გადაკვალიფიცირებასა და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას მოითხოვდა.
გამოძიების ცნობით, ძალადობის მიზეზი ეჭვიანობა გახდა. გაბაშვილმა ავალიანზე თავისი შეყვარებული გოგონას გამო იეჭვიანა, რომელიც მასთან მათემატიკაში მეცადინეობდა.