თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ფოთში, ზვიად გამსახურდიას N238-ში მდებარე საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები დაფიქსირდა.
კერძოდ, არაგეგმური ინსპექტირებისას დადგინდა, რომ მცირე მეწარმე თევზს აწარმოებდა ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევით. საწარმოში დაფიქსირდა ინფრასტრუქტურის, მოწყობილობებისა და აღჭურვილობის გაუმართაობა, დაბინძურებული ინვენტარი, მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა.
სააგენტოს ზედამხედველობით, შემდგომი განადგურების მიზნით დაილუქა 65 კგ. თევზი.
გარდა ამისა, ბიზნესოპერატორი საქმიანობდა საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე.
მეწარმე დაჯარიმდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და კრიტიკული შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდა.