თბილისი,7 აპრილი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი პატიმრობაში დატოვა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნატო ხუჯაძემ მიიღო.
დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, თუმცა, პროცესი აღნიშნულ ეტაპზე გადაიდო და ის 22 აპრილს ჩატარდება.
სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი გასული წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ოთხ ეპიზოდში ედება, მათ შორის ქრთამის აღებასა და ე.წ. ქოლ-ცენტრების მფარველობაში. ლილუაშვილს 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას 2019-2025 წლებში იკავებდა. მან თანამდებობა 2025 წლის აპრილში, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე დატოვა.