თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გარდაბნის მერიის ზედამხედველობისა და ტექნიკური განყოფილების უფროს სპეციალისტს ბრალი ქრთამის მოთხოვნასა და აღებაში ედება.
გამოძიებით დადგინდა, რომ საჯარო მოხელემ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში შედგენილი ფარული სამუშაოების აქტების ხელმოწერით დადასტურების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 500 ლარი.
უწყების ცნობით, ბრალდებული უშუალოდ თანხის აღების ფაქტზე დააკავეს, ფულადი თანხა კი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.
გამოძიება სსკ-ის 338-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.