თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. დღეის მდგომარეობით, თბილისში საცურაო აუზებითა და ფიტნეს-დარბაზებით 60 წელს ზემოთ 914 მოქალაქე სარგებლობს, სახელოვნებო კლუბებში კი 234 მოქალაქეა ჩართული.
თბილისის მერიამ მუნიციპალური პროგრამა „სპორტი უფროსი თაობისთვის“ 2022 წელს დაიწყო. პროგრამის მიზანი 60 წლის და 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების ფიზიკური აქტივობისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობაა. პროგრამაში ჩართულია როგორც მუნიციპალური, ასევე კერძო საცურაო აუზები და ფიტნეს-დარბაზები. დამტკიცებული პროგრამის თანახმად, აღნიშნულ ობიექტებში პენსიონერების უფასო მომსახურება მოიცავს თვეში არაუმეტეს 9 ვიზიტს.
მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის პროგრამა 9 სპორტულ ცენტრში ხორციელდება - გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრი-2 ობიექტი, მრავალფუნქციური სპორტული ცენტრი - 3 ობიექტი, არენა 2 , შპს პრემიუმ ფიტნესი (ასპრია ჯგუფი)-2 ობიექტი, შპს „გიომირი+სპორტ ტაიმი“. პროგრამაში ჩართულ მოქალაქეებს მომსახურების მიღება შეუძლიათ 11:00 საათიდან 14:00 საათამდე პერიოდში.
პროგრამის დანერგვიდან დღემდე სპორტული სერვისებით უფასოდ, ჯამში 3 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.
რაც შეეხება 60 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის სხვა სერვისებს, სახელოვნებო მიმართულებით „60+ კლუბში" 234 მოქალაქეა ჩართული. მათ შორის საბურთალოს რაიონში 110, თემქაზე 94, ხოლო დიღომში 30. სახელოვნებო კლუბი აერთიანებს შემდეგ სერვისებს: ხატვა, სიმღერა, ხელსაქმე, ვარჯიში და ცეკვა (ქართული, სამეჯლისო).
პროგრამის აქტუალობიდან გამომდინარე და ასევე, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, თბილისის მერიის ინიციატივით პროგრამა პერიოდულად ფართოვდება და მასში სხვადასხვა კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირები, სპორტული ორგანიზაციები ერთვებიან.
პროგრამაში დარეგისტრირების მსურველები შერჩეულ სპორტულ ცენტრში უნდა მივიდნენ, წარადგინონ პირადობის დამადასტურებელი და სამედიცინო დოკუმენტაცია და ცნობა რეგისტრაციის ადგილის შესახებ.
პროგრამით მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები, ქვეპროგრამაში რეგისტრაციის დღისთვის ბოლო 6 თვის განმავლობაში თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უწყვეტად რეგისტრირებული 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირები.
საქართველოში ქალები პენსიაზე 60 წლის ასაკიდან გადიან, მამაკაცები – 65 წლიდან. 1 მარტის მონაცემებით, თბილისში 233,6 ათასი პენსიონერია.