ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს: კალაძე საქართველოში აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის დელეგაცია საქართველოს, სავარაუდოდ, მომავალ კვირას ეწვევა.
Sputnik
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება თბილისსა და ვაშინგტონს შორის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არის განწყობილი აშშ-ის დელეგაციის ქვეყანაში ვიზიტის ფონზე, განაცხადა მმართველი პარტია„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
აშშ-ის დელეგაცია საქართველოს, სავარაუდოდ, მომავალ კვირას ეწვევა. დელეგაციის სრული შემადგენლობა ჯერ ოფიციალურად არ სახელდება, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრები ძირითადად ეკონომიკურ მიმართულებებს შეეხება. აშშ-ის დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ როგორც „ქართული ოცნების" წევრებთან, ისე ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორთან.
„ოპტიმისტური მოლოდინი მაქვს, რასაც აჩენს ის სატელეფონო ზარი, რომელიც განხორციელდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შორის, გაჟღერებული მესიჯები და ა.შ. შესაბამისად, დაველოდოთ. ჩვენ მზად ვართ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს“, - განაცხადა მერმა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობა და რაც მთავარია, ეს ყველაფერი უნდა იყოს ორმხრივი“, – განაცხადა კალაძემ.
ამ ეტაპზე საქართველოსა და აშშ-ის შორის ურთიერთობები ფორმალურ ხასიათს ატარებს. ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით.
როგორც „ქართულ ოცნებაში" აღნიშნავენ, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკა საქართველოს მიმართ იყო დაფუძნებული სიცრუეზე, ბოროტებაზე, არასწორ ინფორმაციაზე, შანტაჟსა და მუქარაზე, რაც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენი ქვეყნისთვის და საქართველოს ხელისუფლებისთვის.
საქართველო და აშშ
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.
შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.
რიგი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას, თუმცა მაღალი დონის კონტაქტები ჯერ არ არსებობს და ურთიერთქმედება დიპლომატიური მისიების მეშვეობით კომუნიკაციით შემოიფარგლება.