თბილისის მერიამ სააღდგომო კალათების გაცემა დაიწყო

როგორც კალაძემ აღნიშნა, სააღდგომო ნობათს კვირის ბოლომდე ყველა ბენეფიციარი მიიღებს.
Sputnik
თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის მერია უფასო სასადილოებით მოსარგებლე სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებსა და საქართველოს უსინათლოთა კავშირის წევრებს, ტრადიციულად, სასაჩუქრე კალათებს გადასცემს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
სასაჩუქრე კალათა 15 სხვადასხვა პროდუქტს მოიცავს და კალათების რაოდენობა ოჯახის წევრების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული.
როგორც კალაძემ აღნიშნა, სააღდგომო ნობათების დარიგება დაწყებულია და მათ კვირის ბოლომდე ყველა ბენეფიციარი მიიღებს.
„ჩვენ ყურადღების მიღმა არ ვტოვებთ თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მცხოვრებ იმ მოქალაქეებს, რომელთაც ჩვენი ყურადღება და თანადგომა განსაკუთრებით სჭირდებათ. თბილისის რაიონული გამგეობები წინასააღდგომოდ ტრადიციულად სასაჩუქრე კალათებს გადასცემენ ამ ადამიანებს“, - აღნიშნა კალაძემ.
მისი თქმით, წელს მუნიციპალიტეტისგან სულ 40 ათასამდე სასაჩუქრე კალათა გაიცემა.
„ჩვენ, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, შესაბამისი საჭიროების მქონე ადამიანების თანადგომას და მხარდაჭერას მომავალშიც გავაგრძელებთ. ეს, რა თქმა უნდა, არ ეხება მხოლოდ სასაჩუქრე ნობათებს. მუნიციპალიტეტში გვაქვს არაერთი პროგრამა ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით. ვიდრე არსებობს საჭიროება, რომ გვერდით დავუდგეთ ამ ოჯახებს, ამას ყოველთვის გავაკეთებთ“, – აღნიშნა ა კალაძემ.
წელს მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 12 აპრილს ზეიმობს.