კობახიძემ და ალიევმა ინვესტიციებსა და სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო პროცესზე იმსჯელეს

ილჰამ ალიევი სახელმწიფო ვიზიტით თბილისს 6 აპრილს ეწვია.
Sputnik
თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თბილისში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს საკითხები, რომლებიც უკავშირდება როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონის მომავალს
ილჰამ ალიევი სახელმწიფო ვიზიტით თბილისს 6 აპრილს ეწვია. მას აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დახვდა.
ერთობლივი პრესკონფერენციის დასაწყისში საქართველოს მთავრობის მეთაურმა ყურადღება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესზე გაამახვილა.
„ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, პოზიტიური წვლილი შევიტანოთ ამ ურთიერთობების განვითარებაში. ჩვენ მზად ვართ, ხელი შევუწყოთ დიალოგს და სამშვიდობო პროცესს“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მთელ რეგიონს ახალ პერსპექტივებს უხსნის.
„ჩვენ თვალს ვადევნებთ გლობალურ პოლიტიკურ ცვლილებებს, რომლებიც კიდევ უფრო ზრდის „შუა დერეფნის", როგორც სტრატეგიული სივრცის მნიშვნელობას“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველო და აზერბაიჯანი აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელი ხიდებია, რომლებიც ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, ამ კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სატრანსპორტო-ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მოდერნიზაციას.
„საქართველომ და აზერბაიჯანმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ ჩვენ ვართ სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორები, მათ შორის საერთაშორისო ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებში“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანი კვლავ რჩება საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად.
როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აღნიშნა, მისი ვიზიტი ორმხრივ ურთიერთობებს ახალ იმპულსს მისცემს.
„ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივია მოძმე საქართველოში სტუმრობა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ვიზიტი ახალ იმპულსს მისცემს ჩვენი ძმური ურთიერთობების განვითარებას. დღეს განხილული საკითხები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ერთიანია და ერთი სულით არიან განმსჭვალული“, - განაცხადა ალიევმა.
მისი თქმით, საუკუნეების განმავლობაში ქვეყნებს შორის ურთიერთობები მეგობრულ, კეთილმეზობლურ და ძმურ კავშირებზე იყო დაფუძნებული.
„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოგილოცოთ თქვენ და თქვენს მთავრობას მიღწეული წარმატებები. საქართველო დინამიურად ვითარდება და ეკონომიკური ზრდა ძალიან შესამჩნევია. თქვენს ქვეყანაში ძალიან ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო შექმენით“, - ხაზგასმით აღნიშნა ალიევმა.
გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ სასიხარულოა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მუდმივი, თანმიმდევრული და დინამიური განვითარება.
როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოში ვიზიტამდე იგი გაეცნო სტატისტიკურ მონაცემებს - ქვეყანაში მილიარდობით დოლარი იხარჯება და ზრდა შთამბეჭდავია.
„ბიზნეს-გარემო საშუალებას იძლევა კიდევ უფრო გაიზარდოს ინვესტიციები. ჩვენმა ქვეყანამ საქართველოში უკვე განახორციელა 3,6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია“, - განაცხადა ალიევმა.
პრესკონფერენციის შემდეგ, მოლაპარაკებები გაგრძელდა გაფართოებული ფორმატში, სამთავრობო დელეგაციების მონაწილეობით, რომელზეც იმსჯელეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებასადა ურთიერთქმედების სრულ პოტენციალზე.
საქართველო და აზერბაიჯანი
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს.
ბაქო და თბილისი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.