თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ბიზნეს-ცენტრში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს დელეგაციასთანერთად უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.
ილჰამ ალიევი სახელმწიფო ვიზიტით თბილისს 6 აპრილს ეწვია. მას აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დახვდა.
უწყების ცნობით, ივანიშვილმა ალიევს მადლობა გადაუხადა საქართველოში „ნაყოფიერი ვიზიტისათვის და აღნიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრული ურთიერთობა უმაღლეს ნიშნულზეა, რაც სასიკეთო და სარგებლის მომტანია ორივე ქვეყნისათვის".
„ბიძინა ივანიშვილმა ილჰამ ალიევს მადლობა გადაუხადა სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული მშვიდი და სტაბილური ვითარების მხარდაჭერისთვის, ასევე აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გამოწვევებით აღსავსე გარემოში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ორი ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღვანელებმა მაქსიმალური ძალისხმევის ფასად შეინარჩუნონ მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება", - ნათქვამია განცხადებაში.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ენერგეტიკის სექტორში მჭიდრო პარტნიორობას და სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებს, რასაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ. აღინიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც საკვანძო როლს ასრულებს რეგიონული კავშირების უზრუნველყოფაში.
ბიძინა ივანიშვილი და ბიძინა ივანიშვილი
© Сourtesy of Georgian Government
„საქართველო კვლავ არის ღია აზერბაიჯანული ინვესტიციებისთვის, რაც ბოლო წლების განმავლობაში აქტიურ ზრდას განაგრძობს", - განაცხადა ივანიშვილმა შეხვედრაზე.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მმართველი პარტიის დამფუძნებელს მადლობა გადაუხადა გულთბილი მასპინძლობისთვის.
„საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი, სტაბილური და საინტერესო ადგილი ინვესტიციებისთვის. პრეზიდენტმა ასევე ყურადღება გაამახვილა ორმხრივ პროექტებზე, ენერგეტიკული დერეფნის მნიშვნელობასა და საქართველოს აქტიურ ჩართულობაზე აზერბაიჯანული ბუნებრივი რესურსების ექსპორტის პროცესში ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
შეხვედრაზე ილჰამ ალიევმა დაადასტურა მზაობა, რომ ერთობლივად გაგრძელდეს მუშაობა რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებისათვის.
ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრამდე სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში ალიევმა ქართველ კოლეგა მიხეილ ყაველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრები გამართა.
საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ვიზიტი დასრულდა.
საქართველო და აზერბაიჯანი
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს.
ბაქო და თბილისი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.