ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო

2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზეა შესაძლებელი.
Sputnik
თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო და 11 მაისის 18:00 საათამდე გაგრძელდება, ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აბიტურიენტებსა და მაგისტრანტობის კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე – online.naec.ge შეუძლიათ.
„აპლიკანტებმა 6 აპრილის 10:00 საათიდან 6 მაისის 18:00 საათამდე უნდა უზრუნველყონ ჩასაბარებელი საგნების (არანაკლებ ერთი საგნის) საფასურის გადახდა, რათა მათ რეგისტრაციის დასრულება შეძლონ 11 მაისის 18:00 საათამდე. აღნიშნულ პერიოდში მათ სხვა საგნების საფასურის გადახდა, საგამოცდო ქალაქისა და საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა/ცვლილება შეეძლებათ", - -აღნიშულია ინფორმაციაში.
ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე აბიტურიენტებისთვის თითოეული საგნის საფასური განსაზღვრულია ათი ლარით, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის საფასური მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის შეადგენს 50 ლარს.
საფასურის გადახდა ხორციელდება „საქართველოს ბანკის“ პლატფორმების მეშვეობით, კერძოდ, ონლაინ გადახდის სისტემით (bogpay.ge), ინტერნეტ-ბანკით (ibank.ge), მობილური აპლიკაციით (mBank) და თვითმომსახურების ტერმინალებით.
უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, მიმდინარე წელს აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ, უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად, არჩევანი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზეც გააკეთონ.
ცვლილებების შესაბამისად, ცენტრის სარეგისტრაციო პორტალზე საგანმანათლებლო პროგრამები წარმოდგენილია სამ კატეგორიად: „საბაკალავრო“, „პროფესიული“ და „მოსამზადებელი ქართულ ენაში“ (ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა).
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ასარჩევად აბიტურიენტებმა უნდა მონიშნონ ველი „საბაკალავრო“ და აირჩიონ სასურველი პროგრამა. სურვილის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ, დამატებით აირჩიონ პროფესიული პროგრამებიც, რისთვისაც საჭიროა ველის – „პროფესიული“ მონიშვნა.
საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტების მიხედვით დალაგება აბიტურიენტთათვის სავალდებულო მოთხოვნაა, რადგან საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის დროს უპირატესობა ენიჭება სარეგისტრაციო განაცხადში პირველ პოზიციაზე მითითებულ პროგრამას. პროგრამების არჩევა, შეცვლა ან წაშლა შესაძლებელია აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე. ასევე, სარეგისტრაციო გვერდზე შესაძლებელია არჩეულ პროგრამებზე კონკურსის მიმდინარეობის გაცნობა.
რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურზე, ასევე, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტების სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ამასთანავე, კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრიორიტეტულ მიმართულებებზე დაფინანსებას სახელმწიფო უზრუნველყოფს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს აბიტურიენტებს, ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად ყურადღებით გაეცნონ საინფორმაციო დოკუმენტს – „ცნობარი აბიტურიენტებისათვის. https://naec.ge/#/ge/post/3538
უმაღლესი განათლების რეფორმა
უმაღლესი განათლების რეფორმის პირველი პაკეტი უნივერსიტეტებში სწავლის ვადების შემცირებას და მთავრობისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების ჩარიცხვის კვოტების დაწესების უფლების მინიჭებას ითვალისწინებს.
უმაღლესი განათლების რეფორმის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლება შემდეგი მოდელით განხორციელდება: ბაკალავრის ხარისხის მისაღებად სამი წელი, მაგისტრის ხარისხის მისაღებად ერთი წელი და დოქტორანტურისთვის მოსამზადებლად ერთი წელი. კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად, აკადემიური უმაღლესი განათლების ფარგლებში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს.
ამგვარად, სრული პროგრამის დასრულების შემდეგ, 300 კრედიტის მქონე სტუდენტს შესაძლებლობა ექნებათ დოქტორის ხარისხის მისაღებად სწავლა ევროპის უნივერსიტეტებში გაააგრძელონ.
სახელმწიფო უნივერსიტეტების პირველ და მეორე საფეხურებზე სწავლა საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასო იქნება, თუმცა ფაკულტეტებზე კვოტებს შემოიღებენ. ცვლილებების თანახმად, უქმდება საგრანტო დაფინანსება. კანონებიდან ყველა ის ნორმა ამოიღეს, რომელიც სახელმწიფო სასწავლო გრანტსა და სამაგისტრო გრანტს ეხებოდა.