ზვიადაძე: სინოდი კვალიფიციურად უდგება საკითხს, რომ გაფართოებული კრება ღირსეულად ჩატარდეს

24 აპრილის სინოდის სხდომაზე მოხდება პატრიარქობის სამი კანდიდატის გამორჩევა - გაფართოებული კრება კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ და არაუგვიანეს ორ თვეში იმართება, როგორც ამას დებულება მოითხოვს.
Sputnik
თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. წმინდა სინოდი ძალიან კვალიფიციურად უდგება საკითხს, რომ ღირსეულად ჩატარდეს გაფართოებული კრება, განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ.
3 აპრილს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიო მუჯირის მოწვევით წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, რომელიც ეძღვნებოდა საორგანიზაციო საკითხების განსაზღვრას. საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სინოდის შემდეგი სხდომა 24 აპრილს, გაფართოებული კრება კი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.
„განსაკუთრებული პატივისცემით მინდა აღვნიშნო, რომ წმინდა სინოდის მიერ შენარჩუნებულია ერთიანობა, საეკლესიო კანონმდებლობაზე, კანონიკურ წესზე დამყარებული მიდგომა იმ საკითხებისადმი, რაც, რა თქმა უნდა, გულისხმობს რომ ყველაფერი გადაწყდეს ერთობით და თუკი რამე არის დასაზუსტებელი, გასათვალისწინებელი ან შესაცვლელი, ამის გადაწყვეტაც ერთობლივად მოხდება წმინდა სინოდის მღვდელმთავრების მიერ”, - განაცხადა ზვიადაძემ.
დეკანოზმა როგორც აღნიშნა, „საზოგადოებას ამასთან დაკავშირებით არანაირი შფოთვის საფუძველი არ აქვს“.
გარდა ამისა, ჯაღმაიძემ კვლავ გაიმეორა, რომ პატრიარქის ანდერძის საჭიროება არ არსებობს, როდესაც პატრიარქის მიერ სიცოცხლეშივე დადგენილია მოსაყდრე.
„როდესაც პატრიარქი თავის სიცოცხლეში ადგენს მოსაყდრეს, ანდერძის საჭიროება იქ არ არის, ანდერძი შეიძლება უკავშირდებოდეს მოსაყდრის დადგინებას და როდესაც პატრიარქის სიცოცხლეში პატრიარქის მიერ დადგენილია მოსაყდრე ანდერძის საჭიროება აღარ არსებობს", - განაცხადა ზვიადაძემ.
საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 3 აპრილის სინოდის სხდომაზე განისაზღვრა გარკვეული პროცედურები შემდეგი სინოდისა და გაფართოებული კრების გასამართად. მათ შორის, ჩამოყალიბდა სამი კომისია – სამანდატო, ხმის დამთვლელი და სარედაქციო. განისაზღვრება ამ კომისიებში შემავალი წევრების საკითხი.
ჯაღმაიძის ინფორმაციით, 24 აპრილის სინოდის სხდომაზე მოხდება პატრიარქობის სამი კანდიდატის გამორჩევა - გაფართოებული კრება კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ და არაუგვიანეს ორ თვეში იმართება, როგორც ამას დებულება მოითხოვს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.
ილია მეორემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (ელიზბარ) მუჯირი თანამოსაყდრედ 2017 წლის 23 ნოემბერს დაასახელა. მიმდინარე წლის 18 მარტს წმინდა სინოდმა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა.
როგორ ტარდება პატრიარქის არჩევის პროცედურა
წმინდა სინოდის კრებაზე განისაზღვრება სამი კანდიდატი, რომლებსაც წარუდგენენ შემდგომში გაფართოებულ კრებას, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქს ირჩევს.
წმინდა სინოდის 39 წევრიდან თითოეულს აქვს უფლება წარადგინოს კანდიდატურა, მათ შორის საკუთარიც. სამი საპატრიარქო კანდიდატი, რომლებიც წმინდა სინოდის სხდომაზე მიიღებენ ხმათა უმრავლესობას, გაფართოებულ კრებაზე წარდგება.
გაფართოებული კრება უნდა ჩატარდეს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ორი თვისა. გაფართოებული კრება, ისევე როგორც სრულიად საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია, თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.
გაფართოებულ კრებაში შედიან: წმინდა სინოდის ყველა წევრი, თითო ეპარქიიდან ორ-ორი სასულიერო პირი და თითო საერო პირი. მცხეთა-თბილისის ეპარქიიდან იმდენივე წარმომადგენელი მონაწილეობს, რამდენიც ყველა დანარჩენი ეპარქიიდან ერთად. გაფართოებულ კრებაში ასევე შედის ორ-ორი წარმომადგენელი თითოეული მონასტრიდან, სასულიერო აკადემიისა და სემინარიიდან, ასევე ოთხი დელეგატი გელათის აკადემიიდან.
გაფართოებული კრების თითოეულ მონაწილეს აქვს უფლება, გამოთქვას საკუთარი მოსაზრება პატრიარქობის კანდიდატებთან დაკავშირებით. თუმცა, ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის უფლება მხოლოდ წმინდა სინოდის წევრებს აქვთ.
არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმების ნახევარზე მეტს, ანუ არანაკლებ 20-ისა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შეიძლება გახდეს 40-დან 70 წლამდე ასაკის ბერად აღკვეცილი ეთნიკური ქართველი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი ან მიტროპოლიტი, რომელსაც აქვს თეოლოგიური განათლება და საკმარისი საეკლესიო გამოცდილება.