ეს არის პირადი შურისძიება: „ოპოზიციის ალიანსი" აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციაზე

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მიმართ საქმის წარმოება, სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფის ფაქტზე, 4 აპრილს დაიწყო.
Sputnik
თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. აზერბაიჯანელი ჟურნალისტ აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძევებით ხელისუფლებამ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც აკრძალა სადიგოვის ექსტრადიცია, ნათქვამია „ოპოზიციის ალიანსის“ განცხადებაში.
პოლიციამ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი სასამართლოში წარდგენისა და საქმის დროულად განხილვის მიზნით, 4 აპრილს დააკავა - სადიგოვის მიმართ საქმის წარმოება, სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დაიწყო.
თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვს სახდელის სახით შეუფარდა ჯარიმა 2 ათასი ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა სამი წლის ვადით. ჟურნალისტის ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლომ სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევების გადაწყვეტილება 04:00 საათზე მიიღო.
„აღნიშნული გადაწყვეტილება არის პირადი შურისძიება ბიძინა ივანიშვილის მიმართ სადიგოვის კრიტიკული დამოკიდებულების გამო. ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ აფგან სადიგოვს და მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, მონიტორინგი გაუწიოს ამ შემთხვევას ჟურნალისტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად“, - ნათქვამია განცხადებაში.
დღეს, სადიგოვის საქმეზე შსს-ის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, აზერბაიჯანის რესპუბლიკა ბოლო წლების განმავლობაში ითხოვდა მათ მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ძებნილი აფგან სადიგოვის ექსტრადირებას. იმის გამო, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს დაეკისრა დროებითი ღონისძიება, არ გადაეცა აფგან სადიგოვი აზერბაიჯანისათვის, ქართული მხარე უარს აცხადებდა მის ექსტრადიციაზე.
უწყების ცნობით, ქართული მხარისთვის ოფიციალური წყაროებით რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის პროკურატურამ გამოიყენა დისკრეციული უფლებამოსილება და იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც სტრასბურგის სასამართლოს გაცემული ჰქონდა დროებითი ღონისძიება, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. შესაბამისად, საქართველოშიც შეწყდა ყოველგვარი საექსტრადიციო პროცედურები. თუმცა, უწყება დასძენს, რომ სადიგოვის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა სახდელის სახით, ჯარიმასთან ერთად ითვალისწინებს საქართველოდან გაძევებას და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვას, შესაბამისად, აფგან სადიგოვი გაძევებულ იქნა თავის წარმოშობის ქვეყანაში და მას დაუწესდა საქართველოში შემოსვლის სამწლიანი აკრძალვა.