თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. თბილისის მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს შეფერხებით ემსახურება, ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.
უწყების ცნობით, თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, მეტროსადგურ „დიდუბეში“ მატარებლის ტექნიკური ხარვეზის გამო მოძრაობა ზონალურად მიმდინარეობს.
„მატარებლები მოძრაობენ მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ „სადგურის მოედნამდე“, ხოლო „სადგურის მოედნიდან“ „ახმეტელის თეატრამდე“ მგზავრთა მომსახურება შეჩერებულია. ხარვეზის აღმოსაფხვრელად ადგილზე ტექნიკური ჯგუფი გასულია. თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც კომპანიაში განაცხადეს, ჯერჯერობით უცნობია, რა დრო დასჭირდება ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრას.