თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 4 და 5 აპრილს თბილისში "საკურას ყვავილობის დღეები" გაიმართება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ღონისძიებები 4 და 5 აპრილს, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე გაიმართება.
ბოტანიკურ ბაღში მისულ დამთვალიერებლებს ორი დღის განმავლობაში დახვდებათ იაპონურ თემატიკაზე შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, ანიმეების გამოფენა, იაპონური ლიტერატურის მრავალფეროვნება, ორიგამის, შოდოს მასტერკლასი. ასევე შესრულდება იაპონური ცეკვები.
კვირას, 10:30 საათზე ფესტივალის მეორე დღე ტრადიციულად იაპონური ჩაის წარმოდგენით გაიხსნება, რის შემდეგაც სუშისა და კინცუგის მასტერკლასები გაიმართება.
"საკურას ყვავილობის დღეები" თბილისის მერიისა და საქართველოში იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით უკვე მეექვსედ იმართება.