თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. პრივატიზაციის აქტიური პროცესის შედეგად 2026 წლის იანვარ-მარტის პერიოდში სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის გეგმა 170%-ის გადაჭარბებით შესრულდა, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო ენუქიძემ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ 2019 წელს ამოქმედდა, რომელიც ითვალისწინებს 100 პარალელური აუქციონის ჩატარებას და სახელმწიფო ქონების პრივატიზაციას გამარტივებული პროცედურით.
„აქტიური პრივატიზაციის პროცესის შედეგად მიმდინარე წლის პირველი კვარტლის საპრივატიზაციო გეგმა გადაჭარბებით, 170%-ით შესრულდა. დაგეგმილი 31 მილიონი ლარის ნაცვლად, სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებულ იქნა 52 მილიონ ლარზე მეტი“, - განაცხადა ენუქიძემ.
მისი თქმით, აღნიშნული მიუთითებს რომ არის მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც თავისთავად განაპირობებს იმას, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონება ჩაერთვება ეკონომიკურ ბრუნვაში.
„აღნიშნული გაზრდის სამუშაო ადგილების რაოდენობას, ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას და ყოველივე აისახება მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე“, - აცხადებს ნინო ენუქიძე.
2026 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებლებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 112 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა, რომლის შედეგადაც 68 ობიექტი გაიყიდა.
სამინისტრო, ქონების მართვის სააგენტოსთან ერთად, აქტიურად განაგრძობს სახელმწიფო ქონების დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესს და კერძო სექტორს პროაქტიულად სთავაზობს საინვესტიციოდ მიმზიდველ უძრავ ქონებას.
ობიექტების ჩამონათვალშია უძრავი ქონება: სამრეწველო ობიექტები, სასაწყობო და ფერმერული მეურნეობები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და ა.შ.
ხელისუფლების აზრით, დაჩქარებული პრივატიზაცია ბიუჯეტის შემოსავლების რესურსია და სწორედ ის გამოიყენება მასშტაბურ პროგრამებში. იმ პირობებში, როდესაც ბიუჯეტი პანდემიის გამო სხვადასხვა სოციალური ვალდებულებით არის გადატვირთული, კერძო სექტორმა ეკონომიკური აღორძინებისა და განვითარების ლოკომოტივის ფუნქცია უნდა შეასრულოს.