რა განიხილა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ხორბლის მწარმოებლებთან შეხვედრაზე

ხორბლის მოყვანა სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა, განაცხადა მინისტრმა
Sputnik
თბილისი, 4 აპრილი - Sputnik. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეიქმნება დარგობრივი საბჭოები, რათა უზრუნველყოფილი იყოს ხორბლის მწარმოებლებთან ეფექტური კომუნიკაცია და ფერმერების საჭიროებების დროული განხილვა, იტყობინება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური.
დარგობრივი საბჭოების შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილის და ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის და ფქვილის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. მხარეებმა განიხილეს დარგის გამოწვევები, მიმდინარე ტენდენციები და განვითარების პერსპექტივები.
„მინისტრთან არსებული დარგობრივი საბჭოები მოგვცემს შესაძლებლობას, სისტემატურად შევხვდეთ დარგის წარმომადგენლებს და ერთად განვიხილოთ არსებული გამოწვევები და საჭიროებები. აღნიშნული ფორმატი ხელს შეუწყობს დარგის განვითარებას, არსებული პრობლემების დროულ იდენტიფიცირებას და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მინისტრის თქმით, მეხორბლეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სოფლის მეურნეობაში და სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია დარგში ჩართული თითოეული რგოლის მოსაზრებები იყოს განხილული.
მარცვლეულის მწარმოებლებთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადგილობრივი წარმოების ზრდის ხელშეწყობას, ბაზრის სტაბილურობის უზრუნველყოფას და მეხორბლეობის სექტორში კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას.
გარდა ამისა, შეხვედრაზე განიხილეს ფერმერების საჭიროებები, წარმოების ეფექტურობის გაუმჯობესების გზები და სახელმწიფო მხარდაჭერის მექანიზმების შემდგომი განვითარება.
სამინისტროში აღნიშნეს, რომ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებლებმა მინისტრის ინიციატივა დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი ფორმატის თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დარგში არსებული გამოწვევების გადაჭრას.
„განვიხილეთ მიმდინარე პროცესები, რომლებიც მსოფლიო ტენდენციების გავლენით ვითარდება და ასახვას პოულობს როგორც რეგიონში, ისე საქართველოში, მათ შორის ხორბლის, ფქვილისა და პურის ფასებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ ამ გამოწვევების ფონზე შევინარჩუნოთ ბაზრის სტაბილურობა“, - აღნიშნა ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ.
საქართველოში ხორბლის მოსავლის აღება, როგორც წესი, ივლისსა და აგვისტოში ხდება. რეგიონის მიხედვით, პროცესი შეიძლება სექტემბრამდე გაგრძელდეს.
ხორბალი მოჰყავთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მაგრამ ყველაზე დიდი ნათესები ქვეყნის ე.წ. ღვინის რეგიონში - კახეთში, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონებში და ცოტა საგარეჯოშია. დედოფლისწყაროში 55 ათასი ჰექტარი სახნავი მიწაა, რომლის 80%-მდე ხორბალსა და ჭვავს უკავია.
ხორბლის ყანებია ქვემო ქართლშიც: ბოლნისის, მარნეულის, გარდაბნის რაიონებში, ნათესებია წალკაში, ბოგდანოვკაში, ახალქალაქსა და ახალციხეში, მაგრამ ეს მთიანი მხარეა, ამიტომ მოსავალი გვიან მწიფდება. ხორბლის მცირე ყანები არის შიდა ქართლის რეგიონში, კერძოდ გორისა და ქარელის რაიონებში.
ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში ხორბლის წარმოება 135-150 ათასი ტონის ფარგლებშია.
ხორბლის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში შეადგენს საშუალოდ 22%-ს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება 2017-2020 წლების მაჩვენებელს, როდესაც კოეფიციენტი, საშუალოდ, 15% იყო.
წლის განმავლობაში საქართველო დაახლოებით 800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. ფქვილის უმეტესი ნაწილი (დაახლოებით 78%) შემოდის რუსეთიდან, რომელიც ასევე მარცვლის უდიდესი მომწოდებელიცაა.