თბილისი, 4 აპრილი - Sputnik. ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყეების მართვის საკითხებზე ერთობლივი კომისიის გაფართოებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა, ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, შეხვედრის მიზანი ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობების დაცვის და მართვის სფეროში თანამშრომლობის საკითხების განხილვა იყო.
"სამინისტროსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კოორდინირებული თანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ეკოსისტემების დაცვისა და მათი მდგრადი მართვის უზრუნველყოფის პროცესში", - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი წკრიალაშვილმა.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ტყეში მდებარე ეკლესია-მონასტრების რეგისტრაციის, ეკლესიისათვის მიჩენის წესით გადაცემული ფართობების მართვისა და უწყებათაშორისი კოორდინაციის საკითხები.
ტყის მართვის ერთობლივი კომისია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის 2024 წლის 15 მარტს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში შეიქმნა. მისი მიზანი საქართველოში არსებული ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობების მდგრადი მართვის ხელშეწყობა, ბიომრავალფეროვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნებაა.