ვინ დგას ოპოზიციის აქციის უკან - მმართველ პარტიაში პროვოკაციების რისკზე საუბრობენ

საპარლამენტო უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ დამოუკიდებლობის დღეს მთავრობის შეცვლის მცდელობებს ახორციელებენ „პოლიტიკურად განულებული“ ძალები, რომლებმაც დაკარგეს გარე დაფინანსება და ცდილობენ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის დესტაბილიზაციას.
Sputnik
თბილისი, 3 აპრილი - Sputnik. ოპოზიციური ალიანსის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გამოცხადებული საპროტესტო აქცია ტრაგიკომიკურად გამოიყურება, რადგან მისი ორგანიზატორები გარე ძალების დავალებით მოქმედებენ და აგენტები არიან, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა ირაკლი კირცხალიამ.
„ოპოზიციის ალიანსმა“ 31 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას იწყებს, რომელიც ორ თვეს გაგრძელდება და სიმბოლურად 26 მაისს — საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისში დაგეგმილი მასშტაბური აქციით დასრულდება.
„ტრაგიკომიკურია, როდესაც ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს აქციას აანონსებს აგენტი... განულებულები არიან პოლიტიკურად, არანაირი პოლიტიკური მომავალი არ გააჩნიათ. არიან სრულიად ლუსტრირებულები, რომ წარმოადგენენ აგენტურას. არანაირი სხვა გზა არ აქვთ, თუ არა - გარე ძალებზე დაყრდნობით, აქ შენ მოგიწყონ პროვოკაცია“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
პოლიტიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ დაფინანსების შემცირების შემდეგ, რომელიც, მისი თქმით, დესტრუქციული პროცესებზე ხმარდებოდა, ოპოზიციამ რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა. მისი თქმით, ეს თანხები საპროტესტო აქციების ორგანიზებისთვის გამოიყენებოდა, მათ შორის რუსთველის გამზირზე.
„მოლოდინი გვაქვს ერთადერთი ამ ექსტრემისტებისგან - ექსტრემიზმი. მაქსიმალურად სიტუაციების დაძაბვა, მაქსიმალურად პროვოკაციების მოწყობა, როგორც ყოველთვის, რასაც აკეთებდნენ“, - აღნიშნა მან.
კირცხალიას თქმით, ოპოზიცია ცდილობს შიდა დაპირისპირების გაღრმავებას, მშვიდობიანი პოლიტიკისთვის რისკების შექმნას და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ნეგატიური ზეგავლენის მოხდენას.
ოპოზიციური ალიანსი
მარტის დასაწყისში ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ „ოპოზიციის ალიანსის“ შექმნისა და ხელისუფლების შეცვლის განზრახვის თაობაზე განაცხადა. ახალ გაერთიანებაში შევიდნენ „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" და „თავისუფლების მოედანი“.
დამფუძნებლების განცხადებით, ალიანსის მიზანი „ავტოკრატიული რეჟიმის“ დასრულება, საქართველოს ევროატლანტიკური კურსის აღდგენა, დემოკრატიული მმართველობის, მოქალაქეების კეთილდღეობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომლის გარშემოც ალიანსი შეიქმნა, ფაქტობრივად, აგრძელებს ძველებურად მოქმედებას და მუშაობს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ.
ხელისუფლება ამ ძალებს „რადიკალურ ოპოზიციასა“ და „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ უწოდებს და მათ, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილთან ერთად, უცხო ქვეყნების ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს.