თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. სინოდის შემდეგი სხდომა 24 აპრილს, ხოლო გაფართოებული კრება კი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება, განუცხადა ჟურნალისტებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ სინოდის სხდომის შემდეგ.
ჯაღმაიძის თქმით, სინოდის დღევანდელი სხდომა ეძღვნებოდა საორგანიზაციო საკითხების განსაზღვრას.
„სინოდის სხდომაზე განისაზღვრა გარკვეული პროცედურები შემდეგი სინოდისა და გაფართოებული კრების გასამართად. მათ შორის, ჩამოყალიბდა სამი კომისია – სამანდატო, ხმის დამთვლელი და სარედაქციო. განისაზღვრება ამ კომისიებში შემავალი წევრების საკითხი. კომისიის სახელწოდებები თავად ლაპარაკობს ფუნქციაზე. პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებული პროცესი არ არის მარტივი პროცესი – უნდა დაითვალოს ხმები, მით უმეტეს, გაფართოებულ სხდომაზე ბევრი დელეგატი იქნება, მოწესრიგებულად უნდა იყოს ყველაფერი. არ უნდა დარჩეს ორაზროვნება არცერთ საფეხურზე. ამიტომ საორგანიზაციო კუთხით ბევრი რამ არის გასაკეთებელი და საჭიროა შეთანხმება ამ თემებზე. ვიცით, რომ გაფართოებული სხდომა გაიმართება სამების ტაძარში, შემდეგი სინოდის სხდომა კი – 24 აპრილს“, – აღნიშნა ჯაღმაიძემ.
ამასთან, ჯაღმაიძის ინფორმაციით, სწორედ ამ სხდომაზე მოხდება პატრიარქობის სამი კანდიდატის გამორჩევა.
გარდა ამისა, მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტის, მეუფე ილარიონის განცხადებით, წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომაზე საპროცედურო-საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.
მისივე თქმით, აღნიშნული საკითხები კვლავ უნდა განიხილონ სინოდის მომდევნო სხდომაზე 24 აპრილს და შემდეგ მოხდება პატრიარქობის კანდიდატთა შერჩევა.
„სინოდის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საპროცედურო-საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით. საორგანიზაციო საკითხები შემდგომ სინოდზე კიდევ უნდა იყოს განხილული, საბოლოოდ იქნება შემდეგ კანდიდატების გამორჩევა. მართვა-გამგეობის დებულება არ შეიცვლება, რადგან ეს გაფართოებულმა კრებამ უნდა შეცვალოს, როდესაც ახალი პატრიარქი იქნება არჩეული“, – განაცხადა მეუფე ილარიონმა.
რაც შეეხება პატრიარქობის კანდიდატის ასაკსა და განათლებას, ამასთან დაკავშირებით სხდომაზე არანაირი გადაწუვეტილება არ მიუღიათ.
„ჯერჯერობით არაფერი. ეს იქნება სამსჯელო საგანი და შემდეგ გაიგებთ. განათლების საკითხზე არ ყოფილა მსჯელობა“, – განაცხადა მეუფე ილარიონმა.
გაფართოებული კრება კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ და არაუგვიანეს ორ თვეში გაიმართება, როგორც ამას დებულება მოითხოვს. შერჩული სამი კანდიდატი წარედგინება გაფართოებულ საეკლესიო კრებას, რომლის გამართვის თარიღიც, სავარაუდოდ, სინოდის ამ სხდომაზე დადგინდება.
როგორ ტარდება პატრიარქის არჩევის პროცედურა
წმინდა სინოდის კრებაზე განისაზღვრება სამი კანდიდატი, რომლებსაც წარუდგენენ შემდგომში გაფართოებულ კრებას, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქს ირჩევს.
წმინდა სინოდის 39 წევრიდან თითოეულს აქვს უფლება წარადგინოს კანდიდატურა, მათ შორის საკუთარიც. სამი საპატრიარქო კანდიდატი, რომლებიც წმინდა სინოდის სხდომაზე მიიღებენ ხმათა უმრავლესობას, გაფართოებულ კრებაზე წარდგება.
გაფართოებული კრება უნდა ჩატარდეს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ორი თვისა. გაფართოებული კრება, ისევე როგორც სრულიად საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია, თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.
გაფართოებულ კრებაში შედიან: წმინდა სინოდის ყველა წევრი, თითო ეპარქიიდან ორ-ორი სასულიერო პირი და თითო საერო პირი. მცხეთა-თბილისის ეპარქიიდან იმდენივე წარმომადგენელი მონაწილეობს, რამდენიც ყველა დანარჩენი ეპარქიიდან ერთად. გაფართოებულ კრებაში ასევე შედის ორ-ორი წარმომადგენელი თითოეული მონასტრიდან, სასულიერო აკადემიისა და სემინარიიდან, ასევე ოთხი დელეგატი გელათის აკადემიიდან.
გაფართოებული კრების თითოეულ მონაწილეს აქვს უფლება, გამოთქვას საკუთარი მოსაზრება პატრიარქობის კანდიდატებთან დაკავშირებით. თუმცა, ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის უფლება მხოლოდ წმინდა სინოდის წევრებს აქვთ.
არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმების ნახევარზე მეტს, ანუ არანაკლებ 20-ისა.
ვის შეუძლია გახდეს კათოლიკოს-პატრიარქი?
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შეიძლება გახდეს 40-დან 70 წლამდე ასაკის ბერად აღკვეცილი ეთნიკური ქართველი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი ან მიტროპოლიტი, რომელსაც აქვს თეოლოგიური განათლება და საკმარისი საეკლესიო გამოცდილება.