თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა იმართება - სხდომის მიზანია იმ საორგანიზაციო თემების განხილვა, რომლებიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით არ არის გაწერილი, ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სხდომა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიო მუჯირის მოწვევით იმართება.
„მათ შორის, სინოდის შემდგომ სხდომებსა და გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები, კრების გამართვის ადგილი, დელეგატების მოწვევის პროცედურა და სხვა აუცილებელი საკითხები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, პატრიარქობის სამი კანდიდატის ვინაობა კენჭისყრის შემდეგ და სინოდის მხოლოდ მომდევნო კრებაზე გამოცხადდება. გაფართოებული კრება კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ და არაუგვიანეს ორ თვეში გაიმართება, როგორც ამას დებულება მოითხოვს.
„დებულების გადახედვა არანაირად არ მოხდება. მას გაფართოებული სხდომა სჭირდება. ამიტომ, ნებისმიერი საკითხი გადაწყდება მკაცრად, დებულების მიხედვით, რაც საქართველოს ეკლესიას გააჩნია“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
რაც შეეხება კითხვას, იქნება თუ არა სინოდის დღევანდელ სხდომაზე მომავალი პატრიარქის ასაკსა ან განათლებაზე საუბარი, ანდრია ჯაღმაიძემ უპასუხა, რომ თუ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება, იმსჯელებენ.
„ეს იქნება მსჯელობა ზოგადად იმ კრიტერიუმებზე, რომელსაც საპატრიარქო კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს, მათ შორის შესაძლოა ამაზეც იყოს მსჯელობა, თუ რა თქმა უნდა, ეს საკითხი დაისვა“,-განაცხადა ჯაღმაიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ყველა მღვდელმთავარი უდიდესი პატივისცემით ეპყრობა კათოლიკოს-პატრიარქს და მის მიერ დატოვებულ ერთობას დიდი პასუხისმგებლობით გაუფრთხილდება.
„ასეთია საერთო განწყობა და უნდა ველოდოთ იმას, რომ ყველა თემა, რომელზეც შეჯერება იქნება საჭირო, სწორედ ამ ერთობის და პასუხისმგებლობის გრძნობით იქნება შეჯერებული“, - აღნიშნა მან.
როგორც ჯაღმაიძემ აღნიშნა, სინოდი დღეს საკითხების დასაზუსტებლად იკრიბება, რათა სინოდის მიერ სამი კანდიდატის გამოსარჩევად შეკრების დროს აღარ იყოს სხვა სამსჯელო საკითხები და მოხდეს არჩევა.
როგორ ტარდება პატრიარქის არჩევის პროცედურა
წმინდა სინოდის კრებაზე განისაზღვრება სამი კანდიდატი, რომლებსაც წარუდგენენ შემდგომში გაფართოებულ კრებას, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქს ირჩევს.
წმინდა სინოდის 39 წევრიდან თითოეულს აქვს უფლება წარადგინოს კანდიდატურა, მათ შორის საკუთარიც. სამი საპატრიარქო კანდიდატი, რომლებიც წმინდა სინოდის სხდომაზე მიიღებენ ხმათა უმრავლესობას, გაფართოებულ კრებაზე წარდგება.
გაფართოებული კრება უნდა ჩატარდეს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ორი თვისა. გაფართოებული კრება, ისევე როგორც სრულიად საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია, თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.
გაფართოებულ კრებაში შედიან: წმინდა სინოდის ყველა წევრი, თითო ეპარქიიდან ორ-ორი სასულიერო პირი და თითო საერო პირი. მცხეთა-თბილისის ეპარქიიდან იმდენივე წარმომადგენელი მონაწილეობს, რამდენიც ყველა დანარჩენი ეპარქიიდან ერთად. გაფართოებულ კრებაში ასევე შედის ორ-ორი წარმომადგენელი თითოეული მონასტრიდან, სასულიერო აკადემიისა და სემინარიიდან, ასევე ოთხი დელეგატი გელათის აკადემიიდან.
გაფართოებული კრების თითოეულ მონაწილეს აქვს უფლება, გამოთქვას საკუთარი მოსაზრება პატრიარქობის კანდიდატებთან დაკავშირებით. თუმცა, ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის უფლება მხოლოდ წმინდა სინოდის წევრებს აქვთ.
არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმების ნახევარზე მეტს, ანუ არანაკლებ 20-ისა.
ვის შეუძლია გახდეს კათოლიკოს-პატრიარქი?
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შეიძლება გახდეს 40-დან 70 წლამდე ასაკის ბერად აღკვეცილი ეთნიკური ქართველი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი ან მიტროპოლიტი, რომელსაც აქვს თეოლოგიური განათლება და საკმარისი საეკლესიო გამოცდილება.