პროსტიტუციისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა კონსტიტუციური დარჩა - დასაბუთება

ქვეყნის უმაღლესმა სასამართლო ინსტანციამ სექს-მუშაკების საქმიანობის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებული სარჩელი არ დააკმაყოფილა
Sputnik
თბილისი, 3 აპრილი - Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც ეხებოდა პროსტიტუციისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის კონსტიტუციურობას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.
მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმა არათანაზომიერად ზღუდავს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას.
მისი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის დაცვა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენცია, შეიძლება, წარმოადგენდეს პროსტიტუციის აკრძალვის ლეგიტიმურ მიზანს, არსებული რეგულირება ამ მიზნის მიღწევას ვერ უზრუნველყოფს და პირიქით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებით, აფერხებს რისკ ჯგუფების ჩართულობას ჯანმრთელობის პროგრამებში. ამასთან, სანქციის შიშის გამო, სექსმუშაკები თავს იკავებენ ძალადობის ფაქტის შესახებ სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირებისგან.
მოპასუხე მხარის განმარტებით, სადავო რეგულირება ემსახურება საზოგადოებრივი უსაფრთხოების, საზოგადოებრივი ზნეობისა და ჯანმრთელობის დაცვას.
მისი პოზიციით, აღნიშნული სამართალდარღვევის არსებობა ხელს უშლის სხეულით მომსახურების, როგორც სოციალურად მისაღები ქცევის დამკვიდრებას და სექსუალური ინდუსტრიის გაფართოებას, შედეგად, ამცირებს ტრეფიკინგის, ძალადობისა და პროსტიტუციაში არასრულწლოვანთა ჩართვის რისკებს.
მოპასუხე აღნიშნავს, რომ მიუხედავად ტერმინის საკანონმდებლო განმარტების არარსებობისა, პროსტიტუცია, ისტორიული გამოცდილებისა და საზოგადოებაში ჩამოყალიბებული აღქმის საფუძველზე, გულისხმობს ანაზღაურების სანაცვლოდ სექსუალური მომსახურების გაწევას.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვა“, - ნათქვამია გადაწყვეტილებაში.
საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, პროსტიტუციაში ჩართული პირის საქმიანობა, როგორც წესი, დაკავშირებულია სხვადასხვა პარტნიორთან სქესობრივი კონტაქტის დამყარებასთან, რაც ზრდის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გავრცელების რისკს.
„საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ, ამგვარ პირობებში, კანონმდებელი უფლებამოსილია, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისროს სუბიექტს, რომელიც მისი სარისკო სექსუალური ქცევის მეშვეობით, უშუალოდ წარმოადგენს ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საფრთხის წარმოქმნის რეალურ წყაროს“, - აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
განჭვრეტადობის კონსტიტუციურ მოთხოვნასთან სადავო ნორმის შესაბამისობაზე მსჯელობისას, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავოდ გამხდარი ცნება - „პროსტიტუცია“ - აღწერს ადამიანთა ერთ-ერთ უძველეს აქტივობად მიჩნეულ, საყოველთაოდ ცნობილ სოციალურ ფენომენს.
საკონსტიტუციო სასამართლომ, სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზნებად, აგრეთვე, მიიჩნია არასრულწლოვანთა პროსტიტუციისგან დაცვა, სექსუალური ექსპლუატაციის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობრივი დანაშაულის პრევენცია.
საკონსტიტუციო სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა არასრულწლოვანთა ინტერესებზე, კერძოდ, სასამართლოს აღნიშვნით, არასრულწლოვანთა მოწყვლადი ასაკიდან გამომდინარე, პროსტიტუციასთან დაკავშირებული ქმედებების ხელმისაწვდომობა საფრთხეს უქმნის მათ ჯანსაღ სექსუალურ, სოციალურ, ფსიქოლოგიურ და ინტელექტუალურ განვითარებას.
საქართველოში პროსტიტუცია ჯარიმდება მინიმალური ხელფასის ოდენობის ჯარიმით, რაც 20 ლარს შეადგენს.