აჭარაში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები გამოავლინეს

გასულ წელს მხოლოდ აჭარისა და გურიის სამოქმედო ტერიტორიაზე ტყით უკანონო სარგებლობის 400-მდე ფაქტია გამოვლენილი.
Sputnik
თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედელობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები გამოავლენეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, დაბა ხულოში, ასევე სოფლებში – ოქროაშვილებსა და გოგნიაურში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის 42 მრგვალი ხეტყე (მორი).
შუახევის მუნიციპალიტეტში გამოვლენილი ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
უწყების ცნობით, გასულ წელს მხოლოდ აჭარისა და გურიის სამოქმედო ტერიტორიაზე ტყით უკანონო სარგებლობის 400-მდე ფაქტია გამოვლენილი.
უკანონო ტყეთსარგებლობასთან ბრძოლა
გასულ წელს ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა. ცვლილებების მიხედვით, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოპოვებისა და ტრანსპორტირების შესახებ კანონმდებლობის განმეორებითი დარღვევა საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაული გახდა.
კერძოდ, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დამზადებისა და ტრანსპორტირებისათვის პირველ შემთხვევაში გათვალისწინებული იყო 2 ათასი ლარი ჯარიმა, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 5 ათასი ლარი. ცვლილების შემდეგ, ასეთი განმეორებითი ქმედება პირდაპირ სისხლის სამართლებრივ დანაშაულად ფასდება.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.