თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და სლოვაკეთის პრეზიდენტმა პეტერ პელეგრინიმ ბრატისლავაში ოფიციალური ვიზიტის დროს ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება და რეგიონის სტაბილიზაციაში საქართველოს სტრატეგიული როლი განიხილეს.
მოლაპარაკებები სახელმწიფო მეთაურებს შორის სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ხაზი გაუსვეს ურთიერთობებისა და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მნიშვნელობას.
„თქვენი ვიზიტი კიდევ ერთი სტიმული იქნება ჩვენი შემდგომი ურთიერთობების განვითარებისთვის... ბრატისლავა გახლავთ ის ადგილი, სივრცე, სადაც მყარდება უკეთესი ურთიერთობები, მიმდინარეობს მოლაპარაკებები მშვიდობის საკითხებზე“, – განაცხადა პეტერ პელეგრინმა.
სლოვაკეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო სამხრეთ კავკასიის სტაბილურობის უზრუნველყოფაში საკვანძო როლს ასრულებს.
„მივესალმებით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და საქართველო ძირითად როლს თამაშობს ამ რეგიონის სტაბილიზაციაში“, - განაცხადა მან.
პელეგრინმა ასევე ისაუბრა საქართველოს სტრატეგიულ პოზიციაზე მარშრუტზე აზიასა და ევროპას შორის, ტრანსპორტის სფეროში, ენერგომატარებლების სფეროში. სლოვაკეთი მონაწილეობს ევროპულ ინიციატივაში „გლობალური კარიბჭე“ და დაინტერესებულია ინფრასტრუქტურის აშენებით საქართველოს მონაწილეობით.
„საქართველოს აქ ვერავინ გამოტოვებს და გვერდს ვერ აუვლის. ამიტომაც, ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს საქართველოსთან, რადგან მას მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლია ამ ჭრილში მომავალშიც“, - განაცხადა პელეგრინიმ.
შემდგომი თანამშრომლობა
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ყაველაშვილმა ხაზი გაუსვა სლოვაკეთთან ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების და საერთაშორისო ასპარეზზე ურთიერთმხარდაჭერის მნიშვნელობას, განსაკუთრებით გლობალური გამოწვევებისა და რისკების წინაშე.
საქართველოს ლიდერმა ასევე მადლობა გადაუხადა სლოვაკ კოლეგას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერისა და საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობის დაცვის ძალისხმევისთვის.
ვიზიტის პროგრამა
საქართველოს პრეზიდენტი ასევე შეხვდება სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, დენისა საკოვას და ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს, რიხარდ რაშის.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ქვაჩაკიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი 3 აპრილს დასრულდება.
საქართველომ და სლოვაკეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის იანვარში დაამყარეს. ქვეყნებმა გააფორმეს ხუთი ხელშეკრულება და რამდენიმე უწყებათაშორისი შეთანხმება. საქართველოს საელჩო სლოვაკეთში 2006 წელს გაიხსნა, ხოლო სლოვაკეთის საელჩო საქართველოში - 2014 წელს.