თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. სლოვაკეთში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მიხეილ ყაველაშვილსა და საქართველოს დელეგაციას ბრატისლავაში სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, პეტერ პელეგრინიმ უმასპინძლა. საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა გაიმართა.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და პეტერ პელეგრინის შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.
საქართველოს პრეზიდენტი ასევე შეხვდება სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, დენისა საკოვას და ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს, რიხარდ რაშის.
საქართველოს პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში გუშინ გაემგზავრა.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ქვაჩაკიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი 3 აპრილს დასრულდება.
საქართველომ და სლოვაკეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის იანვარში დაამყარეს. ქვეყნებმა გააფორმეს ხუთი ხელშეკრულება და რამდენიმე უწყებათაშორისი შეთანხმება. საქართველოს საელჩო სლოვაკეთში 2006 წელს გაიხსნა, ხოლო სლოვაკეთის საელჩო საქართველოში - 2014 წელს.