საქართველოდან ექსტრადირებულია ყაზახეთის მოქალაქე - საუბარია 22 მილიონი დოლარის მითვისებაზე

ფიგურანტი, რომელზეც 2019-2021 წლებში დანაშაულებრივი ქსელის შექმნისთვის საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული, 2026 წლის თებერვალში, ინტერპოლისა და ორი ქვეყნის პროკურატურების ერთობლივი ოპერაციის დროს, თბილისში დააკავეს.
Sputnik
თბილისი, 2 აპრილი - Sputnik. მსხვილი თაღლითური ფინანსური პირამიდის საქმის მთავარი ფიგურანტი საქართველოდან ყაზახეთშია ექსტრადირებილი. საუბარია 10 მილიარდი ყაზახური ტენგეს, ანუ 22 მილიონ დოლარზე მეტის, მითვისებაზე. იუწყება ყაზახეთის პროკურატურა.
ექსტრადიცია განხორციელდა ყაზახეთის გენერალურ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერპოლის ეროვნულ ბიუროს თანამშრომლობით და ასევე საქართველოში ყაზახეთის საელჩოს მხარდაჭერით.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მართლსაწინააღმდეგო ქმედებების შედეგად, მოქალაქეებისგან მოზიდული იყო 10 მილიარდ ტენგეზე (დაახლოებით 22 მილიონი დოლარი) მეტი მაღალი შემოსავლის დაპირებით, ნათქვამია განცხადებაში.
გამოოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი, ორგანიზებული ჯგუფის შემადგენლობაში, 2019 წლიდან 2021 წლამდე ყაზახეთის სხვადასხვა რეგიონში ფინანსურ პირამიდებს ხელმძღვანელობდა.
კრიმინალური დაჯგუფების რამდენიმე წევრს უკვე მიესაჯა პატიმრობა. თავად ეჭვმიტანილი დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.
2026 წლის თებერვალში იგი საქართველოში დააკავეს, რის შემდეგაც, ყაზახეთის გენერალური პროკურატურის მოთხოვნით მოხდა სამშობლოში მისი ექსტრადიცია.
ეჭვმიტანილი ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. მისთვის წარდგენილი ბრალდებები 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და ქონების კონფისკაციას ითვალისწინებს.