თბილისი, 2 აპრილი - Sputnik. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის პროცესში საზოგადოების ძლიერი მხარდაჭერა აქვს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა.
წმინდა სინოდის მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი წინამძღოლის არჩევამდე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის ვალდებულებებს მიტროპოლიტი შიო შეასრულებს - სინოდის სხდომა პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ორი თვისა უნდა გაიმართოს.
„რეალურად, წმინდა სინოდს აქვს ძალიან კარგი და ძლიერი ზურგი, ხალხის ზურგი იმისთვის, რომ თავიანთი შეხედულებისამებრ გადაწყვიტონ ის ერისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ახალი პატრიარქის არჩევა ჰქვია. თანაც, მემკვიდრეობა რაც ილია მეორემ მათ დაუტოვა, ძალიან დამაიმედებელია“, - განაცხადა წულუკიანმა.
მისი თქმით, ილია მეორეს სტილი იყო დემოკრატიული, თავისუფალი მმართველობა. ყველას ჰქონდა აზრის გამოთქმის საშუალება - საერო პირებსაც, მრევლის წევრებს თუ ხელისუფლების წარმომადგენლებს. კენჭისყრის „შემდეგ ხმა არავის ამოუღია იმიტომ, რომ უმრავლესობის აზრი იყო გადამწყვეტი“.
„ეს დიდი მემკვიდრეობაა. ამიტომ, წმინდა სინოდი, დარწმუნებული ვარ აბსოლუტურად იდენტური პრინციპებით, იდენტური სიმშვიდით, ერთმანეთისადმი პატივისცემით, რასაც ამ დღეებშიც ვხედავთ“, - აღნიშნა მან.
წულუკიანმა ასევე ისაუბრა „მავნე ძალების“ არსებობაზე, რომლებიც, მისი თქმით, ცდილობენ გარედან ზეწოლის მოხდენას მაშინ, როცა ეკლესიის წიაღში სტაბილურობა ნარჩუნდება.
მისი გარდაცვალების შემდეგაც კი, შელახული რეპუტაციის მქონე ადამიანები ცდილობენ მისი ხსოვნისთვის ზიანის მიყენებას და წმინდა სინოდში გასატარებელი პროცესის შებღალვას, მაგრამ მათ ეს არ გაუვათ, დარწმუნებულია წულუკიანი.
მან აღნიშნა, რომ პროცესი ამჟამად რთულ ფაზაშია, და საზოგადოება გარკვეულ დაძაბულობას განიცდის. მისი თქმით, ხელისუფლების ამოცანაა ახალი პატრიარქის არჩევის დროს მაქსიმალური სიმშვიდის უზრუნველყოფა.
წულუკიანის თქმით, ის ფაქტი რომ ქართული ეკლესია არის დამოუკიდებელი, ისევე როგორც სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ზოგ გარე და შიდა ძალებს არ მოსწონთ.
„ჩვენ ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა ვიქცეოდეთ ამ დღეებში, სანამ ჯერ კიდევ არ გვყავს ახალი პატრიარქი და მივყვებოდეთ იმ ადამიანს ვინც თვითონ პატრიარქმა გამოარჩია სიცოცხლეში. ილია მეორეს გარდაცვალებამ დაამტკიცა, რომ ერის დიდ უმრავლესობას ესმის, რომ ქართული, მართლმადიდებლური ეკლესიის გარეშე ჩვენ არ ვართ ძლიერნი, ამიტომაც ყველას მე მოვუწოდებდი მაქსიმალური სიფრთხილისკენ თითოეული შეფასებისას“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
წულუკიანის თქმით, ქართველი ხალხი რთულ დროს ყოველთვის ეკლესიაში პოულობდა სწორ გზას და თავშესაფარს და ილია II-ის გარდაცვალებიდან ბოლო რამდენიმე დღის მოვლენებმა აჩვენა, რომ ახალგაზრდებიც აქტიურად არიან ჩართულნი ეკლესიურ ცხოვრებაში.
„ეკლესია გაჭირვების ჟამს იმ კერად დარჩება მომავალშიც, სადაც ჩვენ ნუგეშს, თავშესაფარს ვიპოვით და საიდანაც მივიღებთ ძალას იმისთვის, რომ ჩვენი ეროვნული იდენტობის მომფრთხილებლები და შემნახველები დავრჩეთ. სიფრთხილეს თავი არ სტკივა და იმ ძალებს, რომლებიც არ ისვენებენ, ყოველთვის საკადრისი პასუხი უნდა გავცეთ. პატრიარქი ნერგავდა სითბოს, სიყვარულს, ის იყო ნუგეში. ის იყო დემოკრატი ბუნებით, რაც ნიშნავს იმას, რაც ჩვენს ეკლესიას მუდმივად ახასიათებდა, ანუ განსხვავებული აზრებისადმი შემწყნარებლობა... მთავარია მივცეთ პროცესს ის რაც სჭირდება, გარედან სიმშვიდე და პატივისცემა“, - განაცხადა წულუკიანმა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.