თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. ზუგდიდში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრი გაიხსნა, იუწყება საქართველოს კულტურის სამინისტრო.
საპრეზიდენტო ცენტრის გახსნის ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ზუგდიდის საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების დირექტორი გიორგი კალანდია და სხვა ოფიციალური პირები, 31 მარტს - საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სიმბოლოს, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას 87 წლის იუბილეს დაემთხვა.
უწყების ცნობით, თანამედროვე სტანდარტების მულტიფუნქციური შენობა მოიცავს სამკითხველო დარბაზს, მედიათეკას, სამუშაო, სალექციო, საკონფერენციო და საგამოფენო-სამუზეუმო დარბაზებსა და საფონდო სივრცეებს, სარესტავრაციო ლაბორატორიებს.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო გამოფენა - „თანამედროვე ქართული ხელოვნება”. გამოფენაზე წარმოდგენილია XX საუკუნის ქართული ფერწერის კოლექცია. ექსპონატებს შორისაა ელენე ახვლედიანის, გივი თოიძის, ლადო გუდიაშვილისა და ედმონდ კალანდაძის ნამუშევრები.
ასევე, გაიმართა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის, კონსტანტინე გამსახურდიას საჯარო ლექცია - „ზვიად გამსახურდია: მებრძოლი სამშობლოსა და ერი-სახელმწიფოსთვის, მომავლის მოღვაწე“.
საპრეზიდენტო ცენტრის გახსნის ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
საპრეზიდენტო ცენტრი, ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ აშენდა. ცენტრი მიმდინარე წლიდან კულტურის სამინისტროს ინიციატივით დაფუძნებული სსიპ-ის - საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების შემადგენლობაშია.
ზვიად გამსახურდია
ზვიად გამსახურდია 1939 წლის 31 მარტს დაიბადა, ამავე დღეს 1991 წელს საქართველოში შედგა სახალხო რეფერენდუმი, რომელზეც ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს მოსახლეობამ დამოუკიდებლობის აღდგენას მისცა ხმა. რეფერენდუმში ამომრჩეველთა 90,79%-მა მიიღო მონაწილეობა, საიდანაც სახელმწიფო დამოუკიდებლობას 99,08%-მა დაუჭირა მხარი.
რეფერენდუმის შედეგები 5 აპრილს გამოაცხადეს. ამის საფუძველზე 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს არა 9 აპრილს, არამედ 26 მაისს აღნიშნავს — საქართველოში 1918 წელს მიღებული პირველი დამოუკიდებლობის აქტის დღეს.
ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტად 1991 წლის 26 მაისს აირჩიეს. სამოქალაქო დაპირისპირების შედეგად, რომელიც „თბილისის ომის" სახელით არის ცნობილი, 1992 წლის იანვარში ის სახელმწიფოს მეთაურის პოსტიდან გადააყენეს. ერთი წლის განმავლობაში გამსახურდია დევნილობაში ცხოვრობდა — ჯერ აზერბაიჯანში, შემდეგ სომხეთში, ბოლოს კი ჩეჩნეთში.
1993 წლის შემოდგომაზე ის საქართველოში დაბრუნდა, სადაც იმავე წლის 31 დეკემბერს სამეგრელოს სოფელ ხიბულაში დღემდე გაურკვეველ გარემოებაში დაიღუპა.
1994 წლის თებერვალში სოფელ ჯიხაშკარში დაკრძალული გამსახურდიას ცხედარი ოჯახის მოთხოვნით გროზნოში გადაასვენეს და ქალაქის მთავარი მოედნის სიახლოვეს დაკრძალეს. შემდგომ, ჩეჩნეთში მომხდარი საომარი მოქმედებების შედეგად, საფლავი დაიკარგა და ის მხოლოდ 2007 წელს აღმოაჩინეს. პირველი პრეზიდენტის ნეშტის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დონის როსტოვში ჩატარდა.
2007 წლის მარტში გამსახურდიას ნეშტი ჩეჩნეთიდან ჩამოასვენეს და თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონის ტერიტორიაზე დაკრძალეს.