ტრამვაი თბილისში - რამდენმა კომპანიამ გამოთქვა მშენებლობის სურვილი

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის მიზნით, გამოცხადებული ტენდერი 31 მარტს დასრულდა.
Sputnik
თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის შესახებ გამოცხადებული ტენდერში განაცხადი ოთხმა კომპანიამ შეიტანა.
ტრამვაის ხაზის პროექტირებასა და მშენებლობაზე პირველი ტენდერი გასული წლის ოქტომბერში გამოცხადდა. ტენდერი დეკემბრის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, მოგვიანებით წინადადებების წარდგენის ვადები 2026 წლის 16 თებერვლამდე გადაიწია. თუმცა, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა შეწყვიტა და ხელახალი ტენდერი 13 თებერვალს გამოაცხადა - საბოლოო ჯამში ტენდერი გუშინ, 31 მარტს დასრულდა.
პროექტი ითვალისწინებს ყველა საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულებას „დაპროექტება-აშენების“ (Design-Build) პრინციპით. ტრამვაის ხაზი, რომელიც დავით აღმაშენებლის ხეივნისა და დიღმის მასივის გავლით მეტროს სადგურ „დიდუბის" მიმდებარე ტერიტორიას დაუკავშირდება, დაიწყება დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონების გადაკვეთიდან. ტრამვაი გაივლის მირიან მეფის ქუჩას, აღმაშენებლის ხეივანს, გრიგოლ რობაქიძის გამზირს, გადაკვეთს შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდს და მისი ბოლო გაჩერება მეტროს სადგურ "დიდუბის" მიმდებარედ იქნება.
სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრამვაის ხაზის მშენებლობის სურვილი სამმა თურქულმა და ერთმა ჩინურმა კომპანიამ გამოთქვა:
თურქული კომპანია DOGUS INSAAT VE TICARET A.S. მზადაა ტრამვაის ხაზი 412,6 მლნ ლარად ააშენოს. კომპანიამ სტამბულში 53-კილომეტრიანი მეტროს ხაზი და 16 სადგური ააშენა, ასევე მის სახელთანაა დაკავშირებული მეტროს ხაზები სოფიაში, ერ-რიადში, მუმბაიში და ტრამვაის ხაზი სტამბულში.
ჩინური კომპანია Wuhan Municipal Construction Group Co., Ltd. - შეთავაზება 397, 5 მლნ ლარი. კომპანია ჩინეთის ქალაქ უჰანში მეტროსა და ტრამვაის ხაზების პროექტირებითა და მშენებლობითაა დაკავებული.
კომპანია YDA İNŞAAT SANAYİ VE TİCARET ANONİM ŞİRKETİ (თურქეთი) – შეთავაზება 332,5 მლნ ლარი. კომპანიამ ტრამვაის ხაზი თურქეთის ქალაქ კაისერში ააშენა.
კომპანია EmreRay Energy (თურქეთი) – შეთავაზება 287,7 მლნ ლარი. კომპანიამ ააშენა ტრამვაის ხაზები სტამბულში, ანტალიასა და ესკეშეჰირში.
გამარჯვებული კომპანიების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და მათი სამუშაო გამოცდილების განხილვის შემდეგ გამოვლინდება.
ოფიციალური მონაცემებით, ტრამვაის ხაზის საორიენტაციო სიგრძედ განისაზღვრა 7,5 კმ, სადაც განთავსებული იქნება 11 გაჩერება. ტენდერი მოიცავს შესაბამისი ინფრასტრუქტურის დეპოს მოწყობასაც, რომელიც გათვლილი იქნება 10 (+1) ტრამვაის შემადგენლობების მომსახურება-ექსპლუატაციისთვის.
დეპოში აშენდება მთავარი და დამხმარე (საგანგებო- საევაკუაციო) შესასვლელ-გასასვლელები, ტრამვაის შემადგენლობის დახურული სადგომი, ადმინისტრაციული შენობა, საწარმოო (სერვისცენტრის) შენობა, სამრეცხაო ნაგებობა, სასაწყობო მეურნეობები კატეგორიზაციის მიხედვით. მოეწყობა ტრამვაის ხაზის გამართულად ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ყველა საჭირო საინჟინრო კომუნიკაციის სისტემა და ქსელი.
ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას პროექტის განხორციელებისთვის 36 თვე მიეცემა.
თბილისში პირველი ტრამვაი 1904 წელს გამოჩნდა. ტრანსპორტის ეს სახეობა განსაკუთრებით პოპულარული 1930–1940-იან წლებში იყო.
ტრამვაიმ თბილისში მგზავრთა რეკორდული რაოდენობა – 194 მლნ ადამიანი 1940 წელს გადაიყვანა. მგზავრებს ეს ტრანსპორტი 2006 წლამდე ემსახურებოდა. მას შემდეგ ის მთლიანად ავტობუსებმა, სამარშრუტო ტაქსებმა და მეტრომ ჩაანაცვლა.
რას ითვალისწინებს პროექტი
საპროექტო სამუშაოები: მოიცავს ტოპო-გეოდეზიურ და გრუნტის კვლევებს, მგზავრთნაკადების ანალიზს, საინჟინრო გათვლებს და ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას.
ინფრასტრუქტურა: ლიანდაგები, საკონტაქტო ხაზი, ტრამვაის დეპო, ადმინისტრაციული შენობა, სამრეცხაო, ტექნიკური მომსახურების ცენტრი და უსაფრთხოების სისტემები.
ტრამვაის მართვის სისტემა: მოიცავს სიგნალიზაციის, უსაფრთხოების, ავტომატიზაციისა და საკომუნიკაციო ქსელების სრულ ინტეგრაციას.
მგზავრთა კომფორტი: ტრამვაის გაჩერებებზე და ვაგონებში განთავსდება ინფორმაციული ეკრანები (PIS), ხმოვანი შეტყობინების სისტემა (PA), და ვიდეომეთვალყურეობა (CCTV).
OCC (Operations Control Center): ცენტრალური სადისპეტჩერო ცენტრი უზრუნველყოფს ტრამვაის მოძრაობის, უსაფრთხოების, და საინფორმაციო სისტემების მართვას.
პროექტის საერთო ვადა 4,5 წელს შეადგენს. ბაზრის მოკვლევა 2025 წლის 23 აპრილს დასრულდება.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განმარტებით, პრეტენდენტს 2022-2024 წლებში ჯამურად უნდა ჰქონდეს არანაკლებ 50 მლნ დოლარის ბრუნვა.