როგორ გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა - თებერვლის სტატისტიკა

2026 წლის თებერვალში ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები
Sputnik
თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. 2026 წლის თებერვალში მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 8,8% შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
2026 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,9% შეადგინა - მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში კი ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 8,4%-ის ნიშნულზე დადგინდა.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, დამამუშავებელი და სამთომოპოვებითი მრეწველობა.
კლება დაფიქსირდა მშენებლობის და ენერგეტიკის სფეროებში.
საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2021 წელს 10,6% იყო, 2022 წელს - 11%, 2023 წელს - 7,5%, 2024 წელს -9,4%, 2025 წელს - 7,5%.
რა გაიზარდა და რამდენით
„საქსტატის“ მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში ექსპორტი გაიზარდა 2,7%-ით, ხოლო იმპორტი 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - 8,4%-ით.
გასულ თვეში ქვეყანაში 7,7ათასამდე ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც 30%-ით მეტია 2025 წლის თებერვალთან შედარებით.
„10%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 13,4 მილიარდი ლარი შეადგინა“, - განაცხადა „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე.
რაც შეეხება ზრდის მიზეზებს დარგობრივ ჭრილში, თოდრაძის თქმით, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში ზრდა განპირობებულია კომპიუტერული დაპროგრამების, კონსულტირების და მათთან დაკავშირებული საქმიანობის მომსახურების ზრდასთან.
ტრანსპორტისა და დასაწყობების სფეროში ზრდა განპირობებულია საჰაერო ტრანსპორტის ფუნქციონირებით და მასთან დაკავშირებული მოვლენებით, როგორც მგზავრთა გადაყვანის, ისე ტვირთების გადაზიდვის მიმართულებით. ზრდა ასევე განპირობებულია ტვირთების დამუშავებითა და დასაწყობებით საგარეო ვაჭრობის ზრდის ფონზე.
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორში ზრდა ძირითადად განპირობებულია კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების ზრდით. დამამაუშავებელი მრეწველობის ზრდა კი განპირობებულია საკვები პროდუქტებისა და სასმელების წარმოების, ასევე ქიმიური მრეწველობის ზრდით. სამთომოპოვებით მრეწველობაში ზრდა დაკავშირებულია ფერადი ლითონების წარმოების ზრდასთან.
რაც შეეხება კლების ტენდენციებს, მშენებლობის სექტორში კლება ძირითადად დაკავშირებულია სამოქალაქო მშენებლობის, მათ შორის გზების და ავტობანების მშენებლობის შემცირებასთან.
ვაჭრობის სექტორში კლებას ძირითადად განაპირობებს საწვავით და სათბობით საბითუმო ვაჭრობის, ასევე ახალი და მეორადი ავტომობილებით საბითუმო ვაჭრობის შემცირება.
ენერგეტიკის სექტორში კი კლება მეტწილად დაკავშირებულია თბოელექტროსადგურების მიერ ელექტროენერგიის გამომუშავების შემცირებასთან.