ქართული კომპანიების პროდუქციას ლონდონში გაეცნენ

საკვები და სასმელი პროდუქტების ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო B2B გამოფენაზე ქართული კომპანიები სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით წარდგნენ.
Sputnik
თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. ქართული კომპანიები საკვები და სასმელი პროდუქტების ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო B2B გამოფენაზე IFE London 2026 წარდგნენ, იუწყება სააგენტო „აწარმოე საქართველოში".
გამოფენა ლონდონში 30 მარტიდან 1-ელი აპრილის ჩათვლით იმართება - ქართული კომპანიები საერთაშორისო გამეფენაში სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით მონაწილეობენ.
ღონისძიება ყოველწლიურად მსოფლიოს 105 ქვეყნიდან 25 ათას ვიზიტორსა და 1,5 ათას მონაწილეს აერთიანებს, სადაც კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ გამოფენის სტუმრებს წარუდგინონ უახლესი პროდუქტები, გაეცნონ ინდუსტრიის სიახლეებსა და გამოწვევებს და დაამყარონ ახალი ბიზნეს-კონტაქტები.
უწყების ცნობით, სააგენტოს შექმნის დღიდან ქართულმა კომპანიებმა 30-მდე ქვეყნის 200-მდე სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაში 1500-ჯერ მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებების მასპინძელ ქვეყნებს შორის იყო ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნები, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატები, სინგაპური, ჩინეთი, იაპონია და სხვა.
სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია. ის 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა და მიზნად ისახავს ადგილობრივი წარმოების სტიმულირებას. 2017 წლის აპრილში ამავე სახელწოდების სააგენტო შეიქმნა.