მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტის სლოვაკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრები.
Sputnik
თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში გაემგზავრა, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება - მიხეილ ყაველაშვილს სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი პეტერ პელეგრინი უმასპინძლებს. დაგეგმილია პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრები, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილის შეხვედრა სლოვაკეთის ვიცე-პრემიერ დენისა საკოვასთან და ეროვნული საბჭოს თავმჯდომარერიხარდ რაშისთან.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვაკეთის რესპუბლიკაში, კონსტანტინე ქვაჩაკიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი 3 აპრილს დასრულდება.
საქართველომ და სლოვაკეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის იანვარში დაამყარეს. ქვეყნებმა გააფორმეს ხუთი ხელშეკრულება და რამდენიმე უწყებათაშორისი შეთანხმება. საქართველოს საელჩო სლოვაკეთში 2006 წელს გაიხსნა, ხოლო სლოვაკეთის საელჩო საქართველოში - 2014 წელს.