აპრილის თვეში სხვადასხვა ტიპის შეხვედრები გაიმართება: კალაძე აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე

ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით
Sputnik
თბილისი, 1 აპრილი - Sputnik. საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, ჩვენ გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების" გენმდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბართან დაკავშირებით.
მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი გუშინ, 31 მარტს შედგა. როგორც კობახიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რუბიოსთან სატელეფონო საუბრისას ხაზი გაესვა პარტნიორობის გადატვირთვის მნიშვნელობას და სამხრეთ კავკასიაში საქართველოს, როგორც ძლიერი პარტნიორის, როლის განმტკიცებას - გამოვხატეთ მზადყოფნა საქართველო-აშშ-ის კავშირების გაძლიერებისა და რეგიონული სტაბილურობისა და დაკავშირებადობის განვითარების მიმართ, განაცხადა პრემიერმა.
როგორც კალაძემ აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობების კონტექსტში აღნიშნა, აპრილში დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის შეხვედრები, რაც, იმედია, სასიხარულო იქნება ქართული საზოგადოებისთვის.
„ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ურთიერთობები დაიწყება ახალი ფურცლით. დაველოდოთ, ვიდრე კონკრეტიკა არ იქნება. იცით, რომ აპრილის თვე დასახელდა, როდესაც გაიმართება სხვადასხვა ტიპის შეხვედრები, ასევე იქნება საინტერესო სიახლეები. დარწმუნებული ვარ, ვისაც ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქალაქი უყვარს, იამაყებს იმ ინფორმაციით, რაც ძალიან მალე გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის. ეს შეეხება ზოგადად ურთიერთობებს და სამომავლო პარტნიორობას და ზოგადად ურთიერთობების გაღრმავებას ჩვენ შორის.“, – განაცხადა კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში.
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით.
ზოგიერთი ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას, თუმცა თავს იკავებს მაღალი დონის შეხვედრებისგან და შემოიფარგლება კონტაქტებით საელჩოს მეშვეობით.
როგორც ადრე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, აშშ-ს საქართველოს მიმართ პოლიტიკის ჩარჩოები ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არა აქვს. მისი თქმით, თეთრი სახლი დღეს დაკავებულია გლობალური საკითხებით, იქნება ეს ახლო აღმოსავლეთი თუ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, საქართველო კი ჯერჯერობით პრიორიტეტს არ წარმოადგენს.
გასულ კვირაში თბილისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს წარმომადგენელი პიტერ ანდრეოლი ინვესტორთა ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა. ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა „შუა დერეფანზე" და საქართველოს, როგორც რეგიონული დამაკავშირებლისა და სატრანსპორტო ჰაბის როლზე.
საქართველო და აშშ
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.
შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.
რიგი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას, თუმცა მაღალი დონის კონტაქტები ჯერ არ არსებობს და ურთიერთქმედება დიპლომატიური მისიების მეშვეობით კომუნიკაციით შემოიფარგლება.