თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიასა და ვანში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამტრედიის სოფელ იანეთში ინდმეწარმე ე.წ. ყველს, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს აღიარების გარეშე აწარმოებდა. ასევე სააგენტოს მიერ მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა ფიზიკური პირი ვანის სოფელ ზედავანში.
რეგისტრაციის არქონის პარალელურად, ობიექტებზე დარღვეული იყო სურსათის უვნებლობის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რის გამოც ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.
სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი საქართველოს მასშტაბით არარეგისტრირებული საწარმოების გამოვლენას განაგრძობს. უწყება მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ სურსათი აღიარების მინიჭების გარეშე და საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.