თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა 2026 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, 654,63 მლნ ლარით, ანუ 0,93%-ით გაიზარდა და მიმდინარე წლის 1-ელი მარტისთვის 71,1 მლრდ ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
საანგარიშო პერიოდში კრედიტების მოცულობა ეროვნულ ვალუტაში 530,64 მლნ ლარით, ანუ 1,31%-ით, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა - 123,99 მლნ ლარით, ანუ 0,41%-ით გაიზარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის თებერვლის მდგომარეობით რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გაცემულმა კრედიტების რაოდენობამ ეროვნულ ვალუტაში 10,77 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 0,81%-ით მეტია, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა კრედიტებმა 20,31 მლრდ ლარი შეადგინა, რაც იანვრის მაჩვენებელზე 0,39%-ით მეტია.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, თებერვალში რეზიდენტი საოჯახო მეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა გაიზარდა 0,95%-ით, ანუ 351,47 მლნ ლარით და, მიმდინარე წლის 1-ელი მარტის მდგომარეობით, 37,17 მლრდ ლარი შეადგინა.
ლარში გაცემული კრედიტების წილმა 57,78% შეადგინა, რაც 0,22 პროცენტული პუნქტით მეტია 2026 წლის 1-ელი თებერვლის მაჩვენებელზე.
იანვრის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 17 კომერციული ბანკი, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.