3 აპრილს მიტროპოლიტ შიოს მოწვევით წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადებით, სხდომის მიზანია იმ საორგანიზაციო თემების განხილვა, რომლებიც არ არის გაწერილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით.
Sputnik
თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა 3 აპრილს, 12:00 საათზე გაიმართება, ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სხდომის მიზანია იმ საორგანიზაციო თემების განხილვა, რომლებიც არ არის გაწერილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით.
„მათ შორის, სინოდის შემდგომ სხდომებთან და გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები, კრების გამართვის ადგილი, დელეგატების მოწვევის პროცედურა და სხვა აუცილებელი საკითხები", - ნათქვამია განცხადებაში.
წმინდა სინოდის წევრები სხდომაზე ოფიციალურად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვის შემდეგ პირველად შეიკრიბებიან
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.
ილია მეორემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (ელიზბარ) მუჯირი თანამოსაყდრედ 2017 წლის 23 ნოემბერს დაასახელა. მიმდინარე წლის 18 მარტს წმინდა სინოდმა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა.
მოსაყდრე ეს უმაღლესი იერარქის საეკლესიო ტიტულია, რომელიც პატრიარქის მოვალეობას დროებით ასრულებს.
ამასთან, მოსაყდრეს ევალება პატრიარქის გარდაცვალების შემთხვევაში უმწყემსმთავროს ეკლესიას და მოამზადოს ახალი პატრიარქის არჩევნები. თანამოსაყდრეს შეუძლია საკუთარი კანდიდატურა წამოაყენოს პატრიარქის ტახტზე, ისევე როგორც სხვა მღვდელმთავრებს ეძლევათ ამისი კანონიკური უფლება. თანამოსაყდრე არ ნიშნავს პატრიარქის მემკვიდრეს. „თანამოსაყდრე“ ისტორიული ტერმინია და ნიშნავს თანაზიარს მეფობისას ან მღვდელმთავრობისას.
წმინდა სინოდის მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი წინამძღოლის არჩევამდე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის ვალდებულებებს მიტროპოლიტი შიო შეასრულებს - სინოდის სხდომა პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ორი თვისა უნდა გაიმართოს.
როგორ ტარდება არჩევნები
პატრიარქის დაკრძალვის შემდეგ მოსაყდრემ უნდა მოიწვიოს წმინდა სინოდის სხდომა კანდიდატების შესარჩევად. სხდომაზე გამოვლინდება სამი კანდიდატი გაფართოებული კრებისთვის წარსადგენად, რომელიც აირჩევს სრულიად საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქს.
წმინდა სინოდის 39 წევრიდან თითოეულს აქვს უფლება წარადგინოს კანდიდატურა, მათ შორის საკუთარიც.
სამი საპატრიარქო კანდიდატი, რომლებიც წმინდა სინოდის სხდომაზე მიიღებენ ხმათა უმრავლესობას, გაფართოებულ კრებაზე წარდგება - გაფართოებული კრება უნდა ჩატარდეს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ორი თვისა. გაფართოებული კრება, ისევე როგორც სრულიად საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია, თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.
გაფართოებული კრების თითოეულ მონაწილეს აქვს უფლება, გამოთქვას საკუთარი მოსაზრება პატრიარქობის კანდიდატებთან დაკავშირებით. თუმცა, ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის უფლება მხოლოდ წმინდა სინოდის წევრებს აქვთ.
არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმების ნახევარზე მეტს, ანუ არანაკლებ 20-ისა.