2025 წელს საქართველოში ფემიციდის ათზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა

ომბუდსმენის თქმით, პრობლემურ საკითხად რჩება პოლიციის თანამშრომლების მხრიდან არასათანადო რეაგირება ქალების მხრიდან მიმართვიანობაზე, სრული რისკის შეფასებისა და ეფექტური პრევენციული ზომების არარსებობა.
Sputnik
თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. გასულ წელს საქართველოს პროკურატურამ ქალების მკვლელობის 12 ფაქტი დააფიქსირა, რომელთაგან 10 ოჯახის წევრების მიერ იყო ჩადენილი, ნათქვამია სახალხო დამცველის 2025 წლის ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშში.
ომბუდსმენის აპარატის მონაცემების თანახმად, 2025 წელს ასევე დაფიქსირდა ქალების მკვლელობის 21 მცდელობა - ცხრა ოჯახის წევრების მიერ ჩადენილი.
„2025 წელს ასევე გამოვლენილია შემთხვევები, როდესაც შესაძლო ძალადობის შესახებ წინასწარი ინფორმაციის მიუხედავად, სახელმწიფომ ვერ მოახერხა ქალების მკვლელობის ან მკვლელობის მცდელობის აღკვეთა“, - ნათქვამია ანგარიშში.
ომბუდსმენის თქმით, პრობლემურ საკითხად რჩება პოლიციის თანამშრომლების მხრიდან არასათანადო რეაგირება ქალთა საჩივრებზე, სრული რისკის შეფასებისა და ეფექტური პრევენციული ზომების არარსებობა.
გენდერული ნიშნით ძალადობის იდენტიფიცირება როგორც გამოძიების, ისე სასამართლო ეტაპებზე კვლავ პრობლემად რჩება.
„მრავალი წლის მანძილზე სახალხო დამცველის მონიტორინგი აჩვენებს, რომ ფემიციდი დიდწილად გამოწვეულია ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით არსებული ძალადობით, სტერეოტიპული დამოკიდებულებებითა და ძალადობის შემთხვევების შესახებ სამართალდამცავებისთვის შეუტყობინებლობი, რაც საზოგადოებაში ფართოდ არის გავრცელებული“, - აღნიშნულია ანგარიშში.
გარდა ამისა, სახალხო დამცველის აზრით, გრძელვადიანი დაკვირვებები აჩვენებს, რომ ფემიციდი ასევე დაკავშირებულია განათლებისა და დასაქმების საკითხებთან, რაც მეტყველებს საკითხის კომპლექსურ ხასიათზე.
გენდერული ნიშნით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, ძალადობის პრევენცია, ისევე როგორც მსხვერპლთა დაცვა, საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.
ამასთან, ოჯახში ძალადობა საქართველოში კვლავ გავრცელებულ დანაშაულად რჩება. მხოლოდ 2025 წელს ასეთი დანაშაულის 3.353 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 87,9% გახსნილია. პოლიციამ სხვადასხვა სახის ოჯახში ძალადობისთვის მსჯავრდებული 14,291 პირის წინააღმდეგ 8,138 შემაკავებელი ორდერი გასცა.