თბილისი, 31 მარტი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა უკანონო ტყითსარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში კახეთში ხეტყის უკანონო მოპოვების ორი ფაქტი გამოავლინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ შუა ხალაწანში სამართალდამრღვევს, კუთვნილ რეგისტრირებულ სახერხ საამქროში წიფლის სახეობის 8 ერთეული დაუფირნიშებელი მორი და უკანონოდ მოპოვებული ხე-მცენარეებისგან მიღებული 2 კუბურ მეტრამდე მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) ჰქონდა განთავსებული.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენის მიმდებარედ კი მოქალაქემ სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე უკანონოდ მოჭრილი ვერხვის სახეობის 6 ძირი ხისგან 11 ერთეული მრგვალი ხეტყე (მორი) დაამზადა.
ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
ბუნებრივი რესურსების დაცვა და ტყით უკანონო სარგებლობის პრევენცია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. ამ მიზნით, დეპარტამენტი ქვეყნის მასშტაბით მკაცრ და უწყვეტ კონტროლს ახორციელებს.
შედეგად, გასულ წელს მხოლოდ კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე უკანონო ტყითსარგებლობის 500-ზე მეტი ფაქტია გამოვლენილი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ, რათა დროულად მოხდეს ტყით უკანონო სარგებლობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების აღკვეთა, გამოვლენა და პრევენცია. მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე,
უკანონო ტყეთსარგებლობასთან ბრძოლა
გასულ წელს ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა. ცვლილებების მიხედვით, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოპოვებისა და ტრანსპორტირების შესახებ კანონმდებლობის განმეორებითი დარღვევა საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაული გახდა.
კერძოდ, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დამზადებისა და ტრანსპორტირებისათვის პირველ შემთხვევაში გათვალისწინებული იყო 2 ათასი ლარი ჯარიმა, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 5 ათასი ლარი. ცვლილების შემდეგ, ასეთი განმეორებითი ქმედება პირდაპირ სისხლის სამართლებრივ დანაშაულად ფასდება.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.