ყაველაშვილი: ჩვენი ვალია, დავიცვათ და განვამტკიცოთ სუვერენიტეტი

ამ დღეს საქართველოში საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა და მოსახლეობამ საქართველოს დამოუკიდებლობას მისცა ხმა.
Sputnik
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. 1991 წლის 31 მარტს ქართველმა ხალხმა მთელ მსოფლიოს ხმამაღლა განუცხადა, საქართველო ირჩევს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
1991 წლის 31 მარტს საქართველოში შედგა სახალხო რეფერენდუმი, რომელზეც ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს მოსახლეობამ დამოუკიდებლობის აღდგენას მისცა ხმა. რეფერენდუმში ამომრჩეველთა 90,79%-მა მიიღო მონაწილეობა, საიდანაც სახელმწიფო დამოუკიდებლობას 99,08%-მა დაუჭირა მხარი.
„ჩვენს ისტორიას იშვიათად თუ ახსოვს ერის ასეთი ერთიანობა და საერთო ღირებულებების ირგვლივ ერთსულოვნად შეკრული საზოგადოება. დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის შედეგები იქცა სუვერენული საქართველოს ურყევ სამართლებრივ საძირკვლად, რომელზეც უკვე 35 წელია, ჩვენს სახელმწიფოებრიობას ვაშენებთ“, - დაწერა ყაველაშვილმა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყანამ უნდა დაიცვას ის უდიდესი მონაპოვარი, რომლისთვისაც წინაპრები თაობების განმავლობაში იბრძოდნენ.
„ჩვენი ვალია, მოვუფრთხილდეთ იმ უძვირფასეს მემკვიდრეობას, რომელმაც ჩვენი დღევანდელობა განსაზღვრა, განვამტკიცოთ სუვერენიტეტი და განვაგრძოთ სვლა კიდევ უფრო ძლიერი, ღირსეული და ერთიანი საქართველოს მშენებლობისკენ, სადაც საკუთარ ბედს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხი განაგებს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
31 მარტი ღირსშესანიშნავი დღეა კიდევ იმ თვალსაზრისით, რომ ამ დღეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სიმბოლოს, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას 87-ე დაბადების დღეა.
ზვიად გამსახურდია 1939 წლის 31 მარტს დაიბადა, ამავე დღეს 1991 წელს საქართველოში შედგა სახალხო რეფერენდუმი, რომელზეც ქვეყნის მოსახლეობამ დამოუკიდებლობის აღდგენას მისცა ხმა. რეფერენდუმის შედეგები 5 აპრილს გამოაცხადეს. ამის საფუძველზე 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს არა 9 აპრილს, არამედ 26 მაისს აღნიშნავს — საქართველოში 1918 წელს მიღებული პირველი დამოუკიდებლობის აქტის დღეს.
1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.