პროკურატურა: ალეკო ელისაშვილს ტერორისტული აქტის ჩადენის მეორე ეპიზოდზე ბრალდება წარედგინა

შსს-მ კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა, გასული წლის 29 ნოემბერს დააკავა.
Sputnik
თბილისი, 30 მარტი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალეკო ელისაშვილს 2025 წლის 4 მაისს ჩადენილი ტერორისტული აქტის მეორე ეპიზოდზე ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ელისაშვილს ბრალდება სსკ-ის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული ელისაშვილი, რომელსაც სახე ნიღბით ჰქონდა დაფარული, 2025 წლის 4 მაისს, დაახლოებით 03:44 საათზე, მივიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის უკანა მხარეს, სადაც სასამართლოს არქივი მდებარეობს.
თავდაპირველად, ბრალდებული სავენტილაციო მილზე ავიდა და სცადა ფანჯრის გაღება, რაც ვერ შეძლო. შემდგომ ჩავიდა კიბეებზე და სარკმლის გამოყენებით არქივის ოთახში შეაგდო ნავთობპროდუქტის შემცველი აალებული ნივთიერება, რის შედეგადაც ოთახში გაჩნდა ხანძარი. შემდგომ ელისაშვილი კვლავ დაბრუნდა ფანჯარასთან, რომელიც მეორე არქივის ოთახის მიმდებარედ იყო განთავსებული და სავენტილაციო მილზე ასვლისთანავე ცეცხლი წაუკიდა ფანჯარას და სადენებს. აღნიშნული ქმედების შედეგად სასამართლოს შენობის გარე ფასადზე და არქივში, სადაც განთავსებული იყო ასეულობით სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეები, გაჩნდა ხანძარი, რომელიც სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ჩააქრეს.
როგორც პროკურატურა აღნიშნავს, ელისაშვილმა აღნიშნული ქმედებით ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს - სასამართლო ხელისუფლების და მართლმსაჯულების დესტაბილიზაციის მიზნით, ასევე, სასამართლოში არსებული ინფრასტრუქტურის, ცალკეული საქმეებისა და სხვა მნიშვნელოვანი მასალების განადგურების გზით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი მიაყენა. ასევე, საფრთხე შეუქმნა იმ დროისათვის სასამართლოს შენობაში მყოფი მანდატურის სამსახურის სამი თანამშრომლის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.
საქართველოს პროკურატურა ალექსანდრე ელისაშვილისთვის წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ელისაშვილს, რომელიც ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული, ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის საქმეზე ბრალი უკვე წარდგენილი აქვს.
შსს-მ კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა, 2025 წლის 29 ნოემბერს დააკავა.
გამოძიების ცნობით, მიმდინარე წლის 29 ნოემბრის გამთენიისას შენიღბულმა ალექსანდრე ელისაშვილმა ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის შუშა, შეაღწია სასამართლოს კანცელარიის შიდა სივრცეში და პერიმეტრზე ბენზინი დაასხა, მათ შორის, საკანცელარიო ნივთებზე, ტექნიკაზე, დოკუმენტაციაზე და შენობის დაწვა სცადა.
ელისაშვილისთვის ხელის შეშლა სასამართლოს მანდატურებმა სცადეს, რომლებსაც პოლიტიკოსმა მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
30 ივნისს საქართველოს პროკურატურამ ელისაშვილს ბრალდება სსკ-ის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 10-დან 15- წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.