თბილისი, 30 მარტი — Sputnik. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის განვითარებისა და ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დარგობრივი საბჭოების შექმნას გეგმავს, განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ფერმერებთან და ექსპორტიორებთან შეხვედრის შეჯამებისას.
საბჭოების შექმნის მიზანი სექტორში არსებული პრობლემების ოპერატიული იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების შემუშავებაა. სამუშაო შეხვედრები რეგულარულად გაიმართება: მინისტრი სხდომებს პირადად სამ თვეში ერთხელ დაესწრება, ხოლო მისი მოადგილეები შეხვედრებს ყოველთვიურ რეჟიმში გამართავენ.
„სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის მუდმივი კომუნიკაცია უფრო ეფექტური და მიზანმიმართული გადაწყვეტილებების საფუძველია. პირდაპირი შეხვედრების ფორმატი საშუალებას გვაძლევს, ზუსტად განვსაზღვროთ გამოწვევები და დავგეგმოთ შესაბამისი ღონისძიებები,“ — აღნიშნა სონღულაშვილმა.
აგროსექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაზე, თანამედროვე აგროტექნოლოგიების დანერგვასა და მოსავლიანობის გაზრდაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბაზრების დივერსიფიკაციასა და ახალი საექსპორტო მიმართულებების ათვისებას.
სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის „დარგე მომავალი“ ფარგლებში, უკვე დაფინანსდა 300 ჰექტარზე მეტი ატმის ბაღეის გაშენება, რისთვისაც 1,6 მლნ ლარი გამოიყო.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის მონაცემებით, საქართველოდან ატმისა და ნექტარინის ექსპორტმა 25,8 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 17%-ით მეტია. ექსპორტის ჯამურმა ღირებულებამ კი 32 მლნ დოლარს მიაღწია (2024 წელს ეს მაჩვენებელი 25 მლნ დოლარი იყო), რაც 28%-იან ზრდაზე მიუთითებს.