თბილისი, 30 მარტი — Sputnik. საქართველოში ელექტროენერგიაზე ტარიფების ზრდა მოხმარების ზრდითაა განპირობებული, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ.
დედაქალაქსა და რეგიონებში სამომხმარებლო ტარიფები 5 თეთრით გაიზრდება, ხოლო კომერციული სექტორისთვის - ცალკეული ძაბვის საფეხურების მიხედვით - 4-დან 6 თეთრამდე. ახალი ტარიფები თბილისში 1-ელი აპრილიდან, ხოლო რეგიონებში — 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება.
„ტარიფის ზრდის უმთავრესი საფუძველი გახლავთ გაზრდილი მოხმარება, ენერგიის გაზრდილი ფასები და ასევე, ქვეყნის ელექტროენერგიაზე იმპორტდამოკიდებულება შემოდგომა-ზამთრის თვეების განმავლობაში. გარდა ამისა, გათვალისწინებული იქნა ინვესტიციის მხოლოდ ოპტიმალური მოცულობა იმისათვის, რომ ერთი მხრივ, ქსელში არსებული ავარიები ეტაპობრივად შემცირდეს და მოსახლეობისთვის, ისევე, როგორც კომერციული სექტორისთვის, ელექტროენერგიის მიწოდების მდგომარეობა გაუმჯობესდეს", - განაცხადა ნარმანიამ.
მისი თქმით, ტარიფების გაზრდა უზრუნველყოფს სისტემის შეუფერხებელ ფუნქციონირებას და ამცირებს ავარიების რაოდენობას.
„აღმოჩნდა, რომ ავარიების რაოდენობა რიგ ადგილებში იზრდება. ტექნიკური დეპარტამენტის მიერ ჩატარებულმა საველე მონიტორინგმა აჩვენა, რომ ინფრასტრუქტურა წლიდან წლამდე უარესდება. ორი წლის წინ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ინვესტიციების გაზრდის შესახებ და ეს ტენდენცია ნარჩუნდება“, - დასძინა ნარმანიამ.
მისი თქმით, დადგენილი ტარიფები ყველა სექტორისთვის 2026 წლის 1-ელი აპრილიდან 2031 წლის 1-ელ იანვრამდე პერიოდში იმოქმედებს.
სემეკის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით თანახმად, თვეში 101 კვტ/სთ-მდე ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის ფასი 15,04-დან 20,04 თეთრამდე გაიზრდება. 101-დან 301 კვტ/სთ-ის ჩათვლით მომხმარებლებისთვის ტარიფი 19,053 თეთრიდან 24,053 თეთრამდე მოიმატებს. 301 კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის კი ტარიფი 23,537 თეთრიდან 28,537 თეთრამდე გაიზრდება.