დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო ათეულში მოხვდა

ჩეხეთის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილმა ორი პროგრამით, ჯამში 198.65 ქულა დააგროვა.
Sputnik
თბილისი, 29 მარტი — Sputnik. ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრებმა, დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა სპორტულ ცეკვებში თავისუფალი პროგრამა წარმოადგინეს.
რიტმული ცეკვების შემდეგ დევისი-სმოლკინის წყვილი მე-10 ადგილზე იყვნენ, თავისუფალ პროგრამაში მათ 113.31 ქულა დაიმსახურეს, ორი პროგრამის ჯამში კი 198.65 ქულა დააგროვეს და საბოლოოდ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა მე-10 ადგილზე დაასრულეს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2027 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს სპორტულ ცეკვებში ორი ადგილი ექნება.
ტურნირი, რომელიც 25 მარტს ქალების მოკლე პროგრამით გაიხსნა, 29 მარტს სანახაობრივი საჩვენებელი წარმოდგენით დასრულდება.
მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ლორენს ფურნიე ბოდრისა და გიემ სიზერონის (საფრანგეთი) წყვილი გახდა.
წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატში 40 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობს - ტურნირზე საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით წარსდგა: ნიკა ეგაძე (კაცები), ანასტასია გუბანოვა (ქალები), ანასტასია მეტელკინა/ლუკა ბერულავა (სპორტული წყვილები) და დიანა დევისი/გლებ სმოლკინი (სპორტული ცეკვები).
საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატზე, ისტორიაში პირველად, მედალი მოიპოვა - ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტული წყვილი ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა.
პრაღაში მსოფლიო ჩემპიონატი ქართველი მოციფურავეებისთვის თებერვალში მილანის ოლიმპიადის შემდეგ პირველი მნიშვნელოვანი შეჯიბრი იქნება. საქართველოს ნაკრებმა ოლიმპიადაზე ისტორიული შედეგი აჩვენა. საქართველოს ნაკრების წევრები - ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილი - ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ.
გარდა ამისა, საქართველოს ნაკრებმა გუნდურ შეჯიბრებაში მეოთხე ადგილი დაიკავა.