თბილისსა და კოპენჰაგენს პირდაპირი ავიარეისები დააკავშირებს

ამ დროისთვის საქართველოდან დანიის დედაქალაქის მიმართულებით პირდაპირი ფრენა მხოლოდ ქუთაისიდანაა შესაძლებელი.
Sputnik
თბილისი, 28 მარტი — Sputnik. საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია Norwegian Air Sweden შემოდის. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
კერძოდ, 2026 წლის ივნისიდან თბილისს კიდევ ერთი ევროპული დედაქალაქი – კოპენჰაგენი (დანიის სამეფო) დაუკავშირდება პირდაპირი ავიარეისებით.
ახალ საჰაერო ხაზზე ფრენებს ცნობილი სკანდინავიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის, Norwegian-ის შვილობილი – Norwegian Air Sweden შეასრულებს.
სამინისტროს ცნობით, სამოქალაქო ავიაციის სააგეტნოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, თბილისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირი ფრენები 27 ივნისიდან კვირაში ორი სიხშირით – ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს, ხოლო 15 აგვისტოდან ყოველ ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 23 მარტს მიანიჭა.
უწყების ინფორმაციით, კოპენჰაგენი-თბილისი-კოპენჰაგენის მიმართულების დამატება გაზრდის საქართველოს დაკავშირებადობას სკანდინავიის ქვეყნებთან და ხელს შეუწყობს ჩრდილოეთ ევროპიდან ტურისტული ნაკადების მატებას ქვეყანაში.
ამასთან, კოპენჰაგენის აეროპორტი წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს სატრანზიტო ჰაბს ევროპის რეგიონში, რაც ქართველ მგზავრებს დამატებით შესაძლებლობებას მისცემს, კოპენჰაგენის გავლით იმგზავრონ სხვა ევროპული თუ ამერიკული მიმართულებებით.
ამ დრომდე ორ დედაქალაქს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა არასდროს ყოფილა. საქართველოს პირდაპირი საჰაერო გზით კოპენჰაგენთან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი აკავშირებდა.