თბილისი, 26 მარტი - Sputnik. ოჯახური ღირებულებები იყო მთავარი თემა საქართველოს პირველი ლედის, თამარ ბაგრატიონის შეხვედრაზე „ქალთა ჯანმრთელობის ინსტიტუტის“ პრეზიდენტ ვალერი ჰაბერთან და „ოჯახების მსოფლიო კონგრესის" პრეზიდენტ ბრაიან ს. ბრაუნთან.
აშშ-ის პირველი ლედის მელანია ტრამპის ინიციატივით ვაშინგტონში გაიმართა გლობალური სამიტი – „ერთად უკეთესი მომავლისთვის“ (Fostering the Future Together), რომელშიც მონაწილეობა 45 ქვეყნის ლიდერის მეუღლემ მიიღო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პირველმა ლედიმ ისაუბრა ოჯახური ფასეულობების განსაკუთრებულ როლზე ქართულ კულტურაში და ოჯახური ჯანმრთელობის საკითხები განიხილა.
თავის მხრივ, „ოჯახების მსოფლიო კონგრესის" პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამერიკელები აუცილებლად უნდა ეზიარონ ქართულ კულტურას.
„ვიმედოვნებ, კიდევ უფრო მეტი ამერიკელი ესტუმრება საქართველოს და გამოცდის გასაოცარ სტუმართმოყვარეობას, ეზიარება საქართველოს ქრისტიანულ ფესვებსა და ქართულ ხასიათს - ეს ყველაფერი ისაა, რაც ამერიკელებმა აუცილებლად უნდა ნახონ. ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთან ახლო ურთიერთობა უნდა ჰქონდეს. ვიმედოვნებ, რომ ეს მალე ასეც იქნება", - განაცხადა ბრაუნმა.
„ქალთა ჯანმრთელობის ინსტიტუტის“ პრეზიდენტმა ვალერი ჰაბერმა კი აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის თანამშრომლობას.
„დღეს ჩვენ ვისაუბრეთ ქალებზე, ბავშვებსა და ოჯახებზე, ასევე იმ პროცესებზე, რაც საქართველოში ვითარდება, საიდანაც სხვა ქვეყანამ ბევრი რამ უნდა ისწავლოს. მოუთმენლად ველით თქვენთან თანამშრომლობას, ეს ნამდვილად ძალიან დასამახსოვრებელი საღამო იყო", - განაცხადა ვალერი ჰაბერმა.
გარდა ამისა, თამარ ბაგრატიონი სხვადასხვა ქვეყნის პირველ ლედებს შეხვდა.
საქართველო და აშშ
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.
შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.
ზოგიერთი ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას, თუმცა თავს იკავებს მაღალი დონის შეხვედრებისგან და შემოიფარგლება კონტაქტებით საელჩოს მეშვეობით.