თბილისი, 26 მარტი - Sputnik. სამართალდამცავებმა დააკავეს უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ გადაბირებული რუსეთის მოქალაქე, რომელიც სარატოვის ოლქის აეროდრომის მიმართულებით ყუმბარებით აღჭურვილი ორი FPV-დრონის გაშვებას აპირებდა, - იტყობინება რუსეთის ეფ-ეს-ბეს (ФСБ) საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრი.
„რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა, საგამოძიებო კომიტეტთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და როსგვარდიასთან ერთად, აღკვეთა უკრაინის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი ტერორისტული აქტი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ ობიექტზე. სარატოვის ოლქში, საბრძოლო გრანატებით აღჭურვილი ორი დამრტყმელი FPV-დრონის გასაშვებად მომზადების მცდელობისას, დანაშაულის ადგილზე დაკავებულია რუსეთის მოქალაქე, დაბადებული 1972 წელს“, - ნათქვამია განცხადებაში.
დადგინდა, რომ რუსეთის მოქალაქე გადაბირებული იყო უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) თანამშრომლის მიერ და „კურატორის დავალებით სამალავიდან ამოიღო თავდასხმის საშუალებები: ორი კვადროკოპტერი, ორი RKG-3 ტიპის გრანატა, ორი დეტონატორი, 600 გრამი პლასტიკური ფეთქებადი ნივთიერება და ერთი რეტრანსლატორი“.
„უკრაინის სპეცსამსახურების მოთხოვნით, ბოროტმოქმედს დრონები სამხედრო აეროდრომიდან 10 კილომეტრში უნდა დაემონტაჟებინა, რის შემდეგაც მათი აქტივაცია და დანაშაულის ადგილიდან მიმალვა ევალებოდა“, - აღნიშნეს ეფ-ეს-ბეში.
უწყებაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ დავალების შესრულების შემდეგ მამაკაცი საზღვარგარეთ გამგზავრებას გეგმავდა.