თბილისი, 25 მარტი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში არალეგალური ყველის შესაბოლი საწარმო გამოავლინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, თბილისში, გიორგი ჩუბინაშვილის ქ. N56-ში მდებარე საწარმოში ფიზიკური პირი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა.
„არაგეგმური ინსპექტირების შედეგად, ობიექტზე აღმოჩნდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის ჰიგიენური ნორმებისა და ეტიკეტირების წესის დარღვევა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.