თბილისი, 25 მარტი — Sputnik. გურიაში ახალგაზრდა მამაკაცმა მეზობელი, სავარაუდოდ, კომპიუტერული თამაშის გამო მოკლა, იუწყება ტელეკომპანია „ტვ პირველი“ ადგილობრივებზე დაყრდნობით.
60 წლამდე მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით გურიაში სამართალდამცველებმა 24 წლის ახალგაზრდა დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ოზურგეთის ერთ-ერთ სოფელში მეზობელს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულმა მეზობელი, სავარაუდოდ, უცნობი პირისგან მიღებული დავალების გამო მოკლა. დაკავებული ახალგაზრდის ოჯახმა დაადასტურა, რომ გამოძიებამ მათი სახლიდან კომპიუტერი ამოიღო.
„აზრზე არ ვარ, რას აკეთებდა, კომპიუტერთან იჯდა 24 საათი. მეზობლის მკვლელობის შემდეგ ტყეში გაიქცა. ვნახეთ, რომ თვითონაც გადაუჭრია ვენები. გამომძიებლები დაინტერესდნენ რა სახის კომპიუტერულ თამაშებს თამაშობდა. წაიღეს სისხლიანი ტანსაცმელი, ტელეფონი და კომპიუტერი",- განაცხადა ბრალდებულის მამამ.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) მიმდინარეობს, რაც 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს