ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად ინარჩუნებს

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2026 წლის 6 მაისს ჩატარდება.
Sputnik
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. რეფინანსირების განაკვეთი, რომლის მოცულობაზეც სესხებია დამოკიდებული, საქართველოში 2024 წლის გაზაფხულის ბოლოდან უცვლელი რჩება და 8%-ს შეადგენს, ნათქვამია ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ სებ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს ეროვნული ბანკი დიდი ხანი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ატარებდა. რეფინანსირების განაკვეთი, 13 თვის შემდეგ პირველად, 2023 წლის მაისში შემცირდა და 10,5%-ს გაუტოლდა. აგვისტოში განაკვეთი 10,25%-მდე, სექტემბერში – 10%-მდე, დეკემბერში 9,5%–მდე, 2024 წლის იანვარში 9%-მდე, მარტში - 8,25%-მდე, მაისში კი 8%-მდე შემცირდა და ამ დრომდე არ შეცვლილა.
მიმდინარე წლის დასაწყისში ანალიტიკოსები და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები საქართველოში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შერბილებას 2026 წლის გაზაფხულზე, ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების სტაბილიზაციის წინასწარი პროგნოზების ფონზე, პროგნოზირებდნენ.
„მიმდინარე მაკროეკონომიკური ანალიზისა და არსებული რისკების განხილვის შედეგად, მპკ-მ ოპტიმალურად მიიჩნია ამ ეტაპზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის, უცვლელად, 8 პროცენტზე დატოვება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ეროვნული ბანკი არ გამორიცხავს მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებას და მის კიდევ უფრო გამკაცრებას, თუ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე ფასების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდება.
„იმ შემთხვევაში, თუ გეოპოლიტიკური ვითარების შედეგად გამოწვეული ინფლაციური შოკები ხანგრძლივი იქნება, ან მათი მასშტაბი ე.წ. მეორე რაუნდის ეფექტების რისკებს გააძლიერებს, მპკ გამოთქვამს მზაობას, არსებული მკაცრი პოზიცია მოსალოდნელზე ხანგრძლივად შეინარჩუნოს და საჭიროების შემთხვევაში დამატებით გაამკაცროს“, — აღნიშნულია განცხადებაში.
სებ-ის განმარტებით, ახლო აღმოსავლეთში გამწვავებული გეოპოლიტიკური ვითარებისა და ჰორმუზის სრუტის გავლით ტრანსპორტირების მნიშვნელოვანი შეფერხებების შედეგად ტრადიციული მიწოდების ჯაჭვები დროებით დაირღვა.
„აღნიშნულმა პროცესებმა, ერთი მხრივ, საერთაშორისო ბაზრებზე უკვე მნიშვნელოვნად გაზარდა ენერგომატარებლებისა და ტრანსპორტირების ფასები. მეორე მხრივ, ამ ტენდენციის ხანგრძლივად შენარჩუნების შემთხვევაში იზრდება რისკი, რომ გლობალურად ინფლაციური პროცესები უფრო ყოვლისმომცველი გახდეს“, — აღნიშნულია განცხადებაში.
მარეგულირებლის მონაცემებით, გეოპოლიტიკური ვითარების გამწვავებამდე ინფლაციის დინამიკა საქართველოს ეროვნული ბანკის ცენტრალურ სცენარს შეესაბამებოდა, რომლის თანახმადაც 2026 წლის მეორე კვარტლიდან, დროებითი ფაქტორების გავლენის შესუსტების ფონზე, ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს უნდა დაახლოებოდა. 2026 წლის თებერვალში, მოლოდინების შესაბამისად, მთლიანმა ინფლაციამ 4,6% შეადგინა.
„მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე გაზრდილი ნავთობის ფასები საქართველოს ბაზარს ნაწილობრივ უკვე გადმოეცა, რაც მარტში მთლიან ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით იმოქმედებს", - ნათქვამია განცხადებაში.
განახლებული სცენარის მიხედვით, მოკლევადიან პერიოდში ინფლაცია მოსალოდნელზე მაღალი იქნება, ხოლო საშუალოვადიან პერსპექტივაში მას ძირითადად გლობალური ინფლაციური პროცესების სიმწვავე და ხანგრძლივობა განსაზღვრავს, რომელთა ირგვლივაც მაღალი გაურკვევლობა ნარჩუნდება.
ეროვნული ბანკის შეფასებით, ენერგომატარებლებზე მაღალი ფასების ხანგრძლივად შენარჩუნება გლობალური მასშტაბით სატრანსპორტო და საწარმოო ხარჯებს გაზრდის, რაც დამატებით შოკს გამოიწვევს.
„ერთმანეთის მიყოლებით წარმოქმნილი შოკების პირობებში ასევე იზრდება „მეორე რაუნდის" ეფექტების გამწვავების რისკი. ამ პროცესებზე საპასუხოდ განვითარებული ქვეყნების ცენტრალურ ბანკებს, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაც კი მოუწიოთ, რაც, თავის მხრივ, განვითარებადი ეკონომიკებიდან კაპიტალის გადინების რისკს შექმნის", - ნათქვამია განცხადებაში.
სებ-ის მონაცემებით აღნიშნულმა პროცესებმა, შესაძლოა, იმპორტირებული ინფლაციის ზრდის საფრთხეები გაამძაფროს.
ამასთან, მარეგულირებელი აღნიშნავს, რომ ჰორმუზის სრუტეში არსებული შეფერხებების შედარებით სწრაფი აღმოფხვრის ან ნავთობის სხვა მწარმოებელი ქვეყნების მხრიდან მიწოდების ზრდის შემთხვევაში ენერგომატარებლების ფასები, შესაძლოა, პიკურ ფასთან შედარებით სწრაფად შემცირდეს. ამასთან, საქართველოს სუვერენული რისკის პრემიის დაბალ დონეზე ხანგრძლივად შენარჩუნების შემთხვევაში, შესაძლოა, საგარეო ბალანსი უფრო მეტად გაუმჯობესდეს, რაც ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს. ეს კი ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის შერბილებისკენ გადახედვის შესაძლებლობას მისცემს.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2026 წლის 6 მაისს ჩატარდება.